მთაწმინდის პარკმა ღვინის ფესტივალს „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ უმასპინძლა

ფესტივალის სტუმრებს საქართველოს სხვადასხვა სტილის ღვინოების დაგემოვნების შესაძლებლობა მიეცათ.
Sputnik
თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში, მთაწმინდის პარკში, ღვინის ფესტივალი „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ გაიმართა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ღონისძიებაზე, რომელიც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და საქართველოს ღვინის კლუბის ორგანიზებით ჩატარდა, ძირითადად, დამწყები მარნები იყო წარმოდგენილი.
წელს ფესტივალზე 40-მდე ღვინის მწარმოებლის პროდუქცია იყო წარმოდგენილი საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ყველა რეგიონიდან.
ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ საქართველოს სხვადასხვა სტილის ღვინოები, მიეღოთ მარნების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია.
„ფესტივალში მონაწილეობა მარნებს საშუალებას აძლევს, გაზარდონ ცნობადობა და უფრო მეტ ღვინის პროფესიონალს მიეცეს მათი ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ლევან მეხუზლას განცხადებით, მისი უწყების საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ საშუალო და მცირე საოჯახო მარნების განვითარების ხელშეწყობაა.
„მცირე მარნების სეგმენტი, ბოლო წლებში, აქტიურად ვითარდება. დღეს უკვე ასობით ახალი ღვინის მარანი ფუნქციონირებს, რომლებიც აწარმოებენ გამორჩეული ხარისხის ღვინოს, რაც იზიდავს ტურისტებსა და ღვინის მოყვარულებს“, -აღნიშნა მეხუზლამ.
სააგენტოს თავმჯდომარის თქმით, მცირე მარნების განვითრების გარეშე, ქართული მეღვინეობის განვითარება წარმოუდგენელია.
„მისასალმებელია, რომ მცირე მარნები ვითარდება მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც ამ ფესტივალზე თვალსაჩინოა. ფესტივალი რომ დიდ ინტერესს იწვევს, ამაზე როგორც წლევანდელი მონაწილე მარნების, ისე სტუმრების გაზრდილი რაოდენობა მიუთითებს“, - განაცხადა ლევან მეხუზლამ.
ფესტივალი „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ პირველად 2016 წელს ჩატარდა. თავდაპირველად მასში 20-მდე მწარმოებელი მონაწილეობდა.