თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. Expo Georgia-ს საგამოფენო სივრცეში 21 და 22 ოქტომბერს ქალი მეწარმეების პროდუქციის მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
გამოფენის მიზანია ქალთა მეწარმეობის პოპულარიზაცია საქართველოში. ღონისძიება უნდა დაეხმაროს ქალ მეწარმეებს ბაზრებზე წვდომის მოპოვებაში, საინტერესო საქმიანი კავშირების და პერსპექტიული პარტნიორობის დამყარებაში.
ღონისძიებაზე 2 დღის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი 160 ქალი მეწარმის მრავალფეროვანი და უნიკალური პროდუქტი, რომელთა შორისაც დამთვალიერებელი იხილავს:
ადგილობრივ, ნატურალურ და უგემრიელეს საკვებ პროდუქტებს;
ღვინოებს, საჩუქრებსა და აქსესუარებს;
დეკორსა და ავეჯს;
თავის მოვლის საშუალებებს;
ხელნაკეთ საბავშვო სათამაშოებსა და სხვა მრავალ უნიკალურ და საინტერესო პროდუქციას.
გამოფენაზე საბავშვო სივრცეც არის მოწყობილი, სადაც პატარებს ანიმატორები გაართობენ. ქალი მეწარმეები ბავშვებს შესთავაზებენ სხვადასხვა აქტივობებს - ორცხობილების მოხატვას, სენსორულ თამაშებს, სახის მოხატვას და სხვა გასართობ აქტივობებს.