თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. თურქეთმა ბინადრობის უფლების მსურველებისთვის უძრავი ქონების მინიმალური ღირებულება გაზარდა 200 ათას დოლარამდე – 50 ათასიდან პატარა ქალაქებში და 75 ათასიდან მეგაპოლისებში, იუწყება РИА Новости მიგრაციის სამმართველოზე დაყრდნობით.
„ახალი წესების თანახმად, ბინადრობის უფლების გაცემა უძრავი ქონების ფლობაზე შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბინა ღირს მინიმუმ 200 ათასი დოლარი. ასევე, ახალი წესებით, ბინადრობის უფლების მისაღებად განიხილება მხოლოდ „ტაპუ“ (დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უძრავი ქონების ფლობას, სადაც ასევე მითითებულია ღირებულება), საკადასტრო შეფასება საჭირო არ არის“, – აღნიშნა სააგენტოს წყარომ.
ახალი წესები შეეხება მათ, ვინც უძრავი ქონება 2023 წლის 16 ოქტომბრის შემდეგ შეიძინა, ამასთან, ბინადრობის უფლების მისაღებად განაცხადის შეტანის მინიმალური ღირებულება მთელ ქვეყანაში ერთნაირი იქნება.
16 ოქტომბრამდე ნაყიდი უძრავი ქონების მფლობელებისთვის წინანდელი წესები ვრცელდება – ბინის მინიმალური ღირებულება 50 ათასი დოლარი პატარა ქალაქებში და 75 ათასი – მეგაპოლისებში, როგორიცაა სტამბული და იზმირი, ასევე საჭიროა „ტაპუ“ და შეფასების დოკუმენტი.
მიგრაციის სამმართველოს მონაცემებით, 12 ოქტომბრის მდგომარეობით, თურქეთში ბინადრობის უფლების მქონე 1,1 მილიონზე მეტი უცხოელია, მათ შორის ყველაზე ბევრია რუსეთის მოქალაქე – 122 ათასზე მეტი.