თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. პოლონეთში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი" პოლონურ მედიაზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, 32 წლის მამაკაცმა მიმდინარე წლის მარტში მოიპარა ჩანთა, რომელშიც 500 ათასი პოლონური ზლოტი იყო.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩანთა კატოვიცეში მცხოვრებ ქალს ეკუთვნოდა, რომელმაც ბანკიდან თანხა გამოიტანა და ნაღდი ფულით სახლში ავტომობილით ბრუნდებოდა. გზაში ქალმა შეამჩნია, რომ საბურავი დაშვებული იყო, რის გამოც მანქანა გააჩერა, რათა შეემოწმებინა რა მოხდა. აღმოჩნდა, რომ ვიღაცას ორი საბურავი გაეხვრიტა. როდესაც ქალი მანქანაში ჩაჯდა, ნახა რომ ადგილზე აღარ იყო ჩანთა, რომელშიც ფული იდო.
პოლიციამ სავარაუდო დამნაშავის იდენტიფიცირება ახლომდებარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერების მეშვეობით შეძლო.
გავრცელებული ინფორმაციით, ქურდობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმალებოდა. რამდენიმე დღის წინ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე კი პოლიციამ მამაკაცი მაზოვის სავოევოდოში ერთ-ერთ ნაქირავებ ბინაში დააკავა.
მამაკაცს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.