თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. ნებისმიერი ადამიანი, ვინც მომავალში შვედ ეკოაქტივისტ გრეტა ტუნბერგთან გააიგივებს თავს, ტერორიზმის მხარდამჭერად უნდა ჩაითვალოს, განუცხადა Politico-ს ისრაელის არმიის წარმომადგენელმა არიე შარუზ შალიკარმა.
„ვინც მომავალში ამა თუ იმ გზით გააიგივებს თავს გრეტასთან, ჩემი აზრით, არის ტერორიზმის მხარდამჭერი, რადგან ის, რასაც გრეტა აკეთებს — გამოხატავს რა სოლიდარობას ღაზის სექტორის მიმართ და ამავე დროს სიტყვას არ ამბობს ისრაელელების მასობრივ ხოცვა-ჟლეტაზე — აჩვენებს, რომ ის სინამდვილეში პალესტინას კი არ უჭერს მხარს, არამედ ჩქმალავს პალესტინელების, „ჰამასისა“ თუ „ისლამური ჯიჰადის“ ტერორისტულ აქტებს, თითქოს არაფერი მომხდარიყოს“, — აღნიშნა შალიკარმა.
მანამდე გრეტა ტუნბერგმა სოციალურ ქსელებში — X-სა და „ინსტაგრამზე“ პალესტინის მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა და ამასთან გაიზიარა პროპალესტინურ აკაუნტზე გამოქვეყნებული პოსტი, რომ ღაზის სექტორში გენოციდი მიმდინარეობს. პოსტს თან ახლდა ფოტო, რომელზეც ტუნბერგსა და მის თანამოაზრეებს ეჭირათ პლაკატები: „თავისუფლება პალესტინას“ და „მხარს ვუჭერთ ღაზას“. ამ დროისათვის სოციალურ ქსელებში ტუნბერგის ეს პოსტები დაბლოკილია.