თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. შეერთებული შტატები, დიდი ალბათობით, კერძო არხებით ეკონტაქტება ირანს ისრაელი-„ჰამასის“ კონფლიქტის შესახებ, მიაჩნია ნატოში აშშ-ის ყოფილ ელჩს ივო დაალდერს.
„ჩვენ ვიცით, რომ აშშ ირანთან კერძო არხებით ურთიერთობს, რომლებიც სწორედ ამ მიზნით შეიქმნა. და ირანმა, ეჭვგარეშეა, იცის რაზეა წამსვლელი აშშ. ეს ის არ არის, რისი თქმაც პრეზიდენტს ამ ეტაპზე საჯაროდ შეუძლია და, ალბათ, არც უნდა თქვას", — განაცხადა დაალდერმა BBC-ს გადაცემა Newsday-ში.
მანამდე, მიმდინარე კვირის დასაწყისში თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ აშშ მოლაპარაკებებს აწარმოებს ირანთან, რათა მისი კონფლიქტში ჩარევა არ დაუშვას და მოსალოდნელ შედეგებზე გააფრთხილოს. არსებობს შიში, რომ ისრაელი-„ჰამასის“ ომში ირანის ჩართვა კონფლიქტს მთელ ახლო აღმოსავლეთში გააფართოვებს.
როგორ BBC წერს, არსებობს ინფორმაცია, რომ ირანის ოფიციალურმა პირებმა 7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმა იზეიმეს, ხოლო ირანის მიერ დაფინანსებული ისლამისტური დაჯგუფება „ჰესბოლა“ ბოლო დღეებში ლიბანიდან ცეცხლს უხსნის ისრაელს.
ამასთან ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა 18 ოქტომბერს მოუწოდა მუსლიმურ ქვეყნებს, სასწრაფოს დაუწესონ ისრაელს ემბარგო ნავთობზე, გააძევონ ისრაელის ელჩები თავიანთი ტერიტორიებიდან და დაუყოვნებლივ შეაჩერონ ისრაელსა და ნებისმიერ მუსლიმურ სახელმწიფოს შორის არსებული ნებისმიერი პროექტი.