თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკვე აღარ არის იმ ჰონორზე, როგორზეც იყო ერთი-ორი თვის წინ, ამიტომაც ვერ უპასუხა დეპუტატების კითხვებს, განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა სახელმწიფოს მეთაურის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის კომენტარისას.
მმართველმა პარტიამ გუშინ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის მხარდასაჭერად ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ შეაგროვა მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია. პრეზიდენტის გადასაყენებლად საჭირო იყო 100 დეპუტატის ხმა, მაგრამ ამას მხარი მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა. ზურაბიშვილმა, რომელიც სხდომას ესწრებოდა, უარი თქვა დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემაზე.
„საქართველოს პრეზიდენტი რომ აღარ არის იმ ჰონორზე, როგორზეც იყო ერთი-ორი თვის წინ, ეს ფაქტია, რადგან კითხვებს პასუხები ვერ გასცა", – განაცხადა მაჭარაშვილმა.
დეპუტატის თქმით, პარლამენტში მოსვლამდე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უნდა დაარღვიოს დუმილი და მას სხვანაირს იხილავენ, მაგრამ მას არაფერი უთქვამს.
„დუმილი თუ დაარღვია, კითხვებს პასუხები რატომ არ გასცა? ყველაფერს უკუღმა აკეთებს", – განაცხადა მაჭარაშვილმა.
დეპუტატის თქმით, ზურაბიშვილმა საზოგადოებას პირობა მისცა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგი იქნებოდა და ამ დროს "ნაცებთან" გადავიდა".
„კიდევ უარესი ელოდება, თუ გონს არ მოეგება", – განაცხადა მაჭარაშვილმა და დასძინა, რომ „ნაცმოძრაობასა“ და ზურაბიშვილს ერთი პატრონი ჰყავთ.
დეპუტატის თქმით, სწორედ პატრონმა მიუთითა "ნაცმოძრაობას", რომ არ დასწრებოდნენ სხდომას, სადაც იმპიჩმენტის საკითხი წყდებოდა.
რა იქნება შემდეგ
სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი ჩავარდა. ამგვარად ის დარჩა საქართველოს პრეზიდენტად, შეინარჩუნა კონსტიტუციით გაწერილი ყველა უფლებამოსილება, მათ შორის, მოქალაქეობის მინიჭების საბოლოო გადაწყვეტილება, ვეტოს უფლება და შეწყალების უფლება.
ზურაბიშვილი გადადგომას არ აპირებს, ხოლო იმპიჩმენტის ჩავარდნის შემდეგ დუმილის უფლება დაიტოვა.
თუმცა, პრეზიდენტს რიგ შემთხვევებში მთავრობასთან ერთად მოქმედება და შემდეგი წლის დასაწყისში დეპუტატების წინაშე პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლაც მოუწევს.
ზურაბიშვილს უფლებამოსილება 2024 წლის შემოდგომაზე ეწურება.