სამსახურები არის, მაგრამ პროფესიონალების დეფიციტია - ექსპერტი

უმუშევრობა გამოწვეულია არა იმით, რომ არ არის სამუშაო ადგილები, პირიქით, სამუშაო ადგილები ბევრია, კვალიფიციური სპეციალისტები კი ნაკლები, ამბობს ექსპერტი.
Sputnik
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ბევრი სამუშაო ადგილია, პროფესიონალი სპეციალისტებისგან განსხვავებით, განაცხადა საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის დამფუძნებელმა გიორგი ბერაიამ.
რაც შეეხება უმუშევრობის სტატისტიკას, 2023 წლის მეორე კვარტალში მისმა დონემ 16,7% შეადგინა, რაც 1,4 პროცენტული პუნქტით შემცირდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როდესაც ის 18,1% იყო. საანგარიშო პერიოდში უმუშევართა რაოდენობა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14,6 ათასი ადამიანით, ანუ 5,2%-ით შემცირდა და 266,9 ათასი ადამიანი შეადგინა.

„უმუშევრობა გამოწვეული არ არის იმით, რომ არ არის სამუშაო ადგილები, პირიქით, სამუშაო ადგილები ბევრია, კვალიფიციური სპეციალისტებია ნაკლები. ამიტომ ბიზნეს-სექტორთან ერთად ვცდილობთ გამოვუშვათ კვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც ადვილად გამოჩნდებიან შრომის ბაზარზე და დასაქმების ადგილებზე მოხვდებიან“, – განმარტა გიორგი ბერაიამ.

როგორც ბერაიამ აღნიშნა, საქართველოში სკოლადამთავრებულთა 70%-ს განათლების მიღება სურს უმაღლეს სასწავლებლებში და მხოლოდ 20-30% აკითხავს პროფესიულ კოლეჯებს. მისი თქმით, მთელ მსოფლიოში პირიქით ხდება და ახალგაზრდების უმრავლესობა პროფესიულ განათლებას ირჩევს.
„ამიტომ დროთა განმავლობაში საქართველოში არსებული ბალანსი უნდა დაირღვეს, ოღონდ ბუნებრივად და არა ხელოვნურად. უნდა მოხდეს პოპულარიზაცია პროფესიული განათლების და იმ პროფესიებისა, რომლებიც კოლეჯებში ისწავლება“, – აღნიშნა გიორგი ბერაიამ.
„სპეციალისტების ნაკლებობაა“ - საქართველოში შრომის ბაზრის კვლევის პრეზენტაცია გაიმართა >>
ბერაიას განმარტებით, კოლეჯებში 200-მდე პროფესია ისწავლება და ყველა არ არის დაკავშირებული მაინცდამაინც ხელობასთან.
„არსებობს ისეთი პროფესიებიც, რომლებიც დაკავშირებულია ინტელექტთან, ინტელექტუალურ საქმიანობასთან, არის ბუღალტერია, ჯანდაცვის პროგრამები, ინჟინერია, არქიტექტურა, სხვა უამრავი ისეთი სპეციალობა, რომლებიც ძალიან საინტერესოა და, რაც მთავარია, არის მაღალანაზღაურებადი“, – განაცხადა ბერაიამ.
რაც შეეხება ბიზნეს-სექტორთან თანამშრომლობის მნიშვნელობას, როგორც ბერაია განმარტავს, საქართველოში არსებული ბიზნესები ასეთი სასწავლებლებისგან კვალიფიციური კადრების მიღებას ელოდებიან.
როგორც ადრე განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა, საქართველოს საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასების (IX-XII კლასები) მოსწავლეებისთვის პროფესიული განათლება სავალდებულო გახდება.
საქართველოს სკოლებში სწავლა 12 წელი გრძელდება, საგანმანათლებლო პროცესი დაყოფილია სამ საფეხურად: დაწყებითი საფეხური – I-დან VI კლასის ჩათვლით, საბაზო – VII-დან IX კლასის ჩათვლით, საშუალო – X-დან XII კლასის ჩათვლით. სიახლის დანერგვის შემდეგ სკოლის ატესტატთან ერთად ახალგაზრდები მიიღებენ პროფესიული განათლების მიღების დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტსაც.
ცაგარეიშვილი: მშვიდობამ ახალი სამუშაო ადგილები მოიტანა >>
მას შემდეგ, რაც 2018 წელს საქართველომ „პროფესიული განათლების შესახებ" ახალი კანონი მიიღო, ქვეყანაში მნიშვნელოვნად განვითარდა პროფესიული განათლების სხვადასხვა მიმართულება.
2022 წელს პროფსასწავლებლების კურსდამთავრებულთა რაოდენობამ 7,6 ათასი შეადგინა. მათმა უმრავლესობამ აირჩია ისეთი საგანმანათლებლო პროგრამები, როგორიცაა ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა, ბიზნეს-ადმინისტრირება, სამართალი, ჯანდაცვა, საინფორმაციო ტექნოლოგიები.
პროფესიული განათლების განვითარება
საქართველოში პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა სახელმწიფოს მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით.
ანუ სახელმწიფო კერძო სექტორთან/დამსაქმებლებთან ერთად განახორციელებს ინვესტიციას პროფესიულ განათლებაში.
მთავრობა ვარაუდობს, რომ ინიციატივა ხელს შეუწყობს კადრების მომზადებას ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის დასაქმების დონეს. სახელმწიფოს მხრიდან ეს არის ინოვაციური მიდგომა, რომელიც შემოთავაზებულია კერძო სექტორისთვის, საუკეთესო მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვის ფარგლებში გეგმავს კვალიფიკაციის განახლებას, დარგობრივი პრიორიტეტების განსაზღვრას, აგრეთვე პროფესიული განათლების დაფინანსების მოდელის განახლებას.
ასევე დაიწყება მუშაობა ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო საფეხურზე, რათა მოხდეს პროფესიული განათლების მაქსიმალურად ინტეგრირება. მნიშვნელოვანი სიახლეები იგეგმება პროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებითაც, რაც გაცვლითი პროგრამების ორგანიზებას და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას გულისხმობს.
სამინისტრო ამ ახალი ხედვით გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელებას წელს დაიწყებს, რის შედეგადაც უახლოეს მომავალში პროფესიული განათლების სისტემის ეფექტურობა და მიმზიდველობა გაიზრდება.