კახა კალაძე: გმირთა მოედანი მთლიანად უნდა განახლდეს

მოედნის განათება რამდენიმე ათეული წელია არ შეცვლილა, აღნიშნა მერმა.
Sputnik
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ ოთხშაბათს გამართულ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე გმირთა მოედნის განახლების სამუშაოების დაწყება დააანონსა.
როგორც კალაძემ განმარტა, გმირთა მოედანზე საბჭოთა კავშირის დროინდელი განათების სისტემები თანამედროვე LED-სანათებით უნდა შეიცვალოს.

„აქ ჯერ კიდევ არსებობს საბჭოთა კავშირის დროინდელი განათების ბოძები ყვითელი განათებებით, ჰაერში გადაჭიმული კაბელებით. აღნიშნული მოედანი მთლიანად განახლებას საჭიროებს. განათების სისტემები მოსაწესრიგებელია“, – განაცხადა კალაძემ.

მიმდინარე წლის მარტში დედაქალაქის მერიამ გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალურ სვეტზე ელექტროსისტემა და განათების მოწყობილობები განაახლა.
გმირთა მოედანზე მდებარე 48 მეტრი სიმაღლის მემორიალური სვეტი 2010 წელს აიგო და ის 1918 წელს დაღუპული იუნკრების, 1924 წლის აჯანყების მონაწილეთა, 1992-93 წლებში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მეომართა ხსოვნას ეძღვნება.
კალაძის თქმით, 2010 წლიდან მემორიალზე პერიოდულად გარკვეული სამუშაოები ტარდებოდა, თუმცა მასშტაბური სამუშაოები არ განხორციელებულა.