თბილისი, 18 ოქტომბერი − Sputnik. ღაზის სექტორში მდებარე საავადმყოფოზე შეტევის შემდეგ ცაჰალმა დაუყოვნებლივ დაიწყო მოკვლევა ყველა შესაბამის ქვედანაყოფში და დაადგინა, რომ სარაკეტო დარტყმა დაჯგუფება „ისლამურმა ჯიჰადმა“ განახორციელა და არა ისრაელის თავდაცვის ძალებმა, განაცხადა დილის ბრიფინგზე ცაჰალის წარმომადგენელმა, კონტრ-ადმირალმა დანიელ ჰაგარიმ.
მისი თქმით, სამშაბათს, ადგილობრივი დროით 18:15 საათზე, საავადმყოფოს აფეთქების წინ „ჰამასმა“ ისრაელს რაკეტები ესროლა. უკვე 18:59 საათზე კი „ისლამურმა ჯიჰადმა“ უახლოესი სასაფლაოს ტერიტორიიდან დაახლოებით 10 რაკეტა გაუშვა ზალპით, და იმავდროულად გავრცელდა შეტყობინება, რომ ქალაქ ღაზაში საავადმყოფო აფეთქდა.
როგორც ჰაგარიმ აღნიშნა, „ჰამასმა“ იცის, რომ აფეთქება „ისლამური ჯიჰადის“ მიზანს აცდენილი რაკეტის დარტყმის შედეგად მოხდა, მაგრამ მაინც წამოიწყო „გლობალური მედია-კამპანია“ ისრაელის დასადანაშაულებლად.
„იქამდე მივიდნენ, რომ მსხვერპლის რაოდენობაც კი გადააჭარბეს. მათ ზუსტად იციან, რომ საავადმყოფო „ისლამური ჯიჰადის“ ბოევიკების რაკეტამ დააზიანა“, − ციტირებს BBC კონტრ-ადმირალის სიტყვებს.
ჰაგარის თქმით, ჰაერიდან გადაღებული კადრები ადასტურებს, რომ რაკეტა პირდაპირ არ მოხვედრია საავადმყოფოს და არც ახლომდებარე შენობები დაზიანებულა. ერთადერთი დაზიანებული ადგილი − ეს საავადმყოფოს პარკირების ტერიტორიაა.
ამასთან ჰაგარიმ ჟურნალისტებს საავადმყოფოს სქემა აჩვენა და განუმარტა, რომ შენობა ძალიან არ დაზიანებულა − „მისი კედლები მთელია“, ვინაიდან „ისლამურმა ჯიჰადმა“ რაკეტა სწორად არ გაუშვა და ამიტომ ის მიზანს ასცდა.
გარდა ამისა, საავადმყოფოს აფეთქებაში ცაჰალის უდანაშაულობის დასტურად ჰაგარიმ კიდევ რამდენიმე ფაქტი დაასახელა:
დადასტურებულია, რომ ცაჰალს არ გაუშვია რაკეტები „ხმელეთიდან, ზღვიდან ან ჰაერიდან, რომელიც საავადმყოფოს მოხვდა“;
გარდა იმისა, რომ ისრაელის სარადარო სისტემამ ღაზის სექტორიდან გაშვებული რაკეტები დააფიქსირა, არსებობს ორი დამოუკიდებელი ვიდეო, რომელზეც „ისლამური ჯიჰადის“ წარუმატებელი სარაკეტო გაშვებაა აღბეჭდილი;
არსებობს სადაზვერვო მონაცემები, რომელთა მიხედვითაც ბოევიკთა ჯგუფებს შორის მიმოწერა მიმდინარეობდა წარუმატებელი სარაკეტო გაშვების შესახებ.
ამასთან ჰაგარიმ ხაზი გაუსვა, რომ დღემდე ღაზიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული 450 რაკეტა ასცდა მიზანს და ისევ ღაზაში ჩამოვარდა.
BBC ხაზს უსვამს, რომ მან ვერ შეძლო ჰაგარის ნათქვამის გადამოწმება, თუმცა ჟურნალისტთა ჯგუფი ინციდენტის გამოძიებაზე მუშაობს, რათა დაადგინოს, რა მოხდა სინამდვილეში.