ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ორი წინასწარი ნიშანი: ბრიტანელი ექიმების რჩევა

Sputnik
თბილისი, 18 ოქტომბერი − Sputnik. ფარისებრი ჯირკვლის ონკოლოგიური დაავადების ადრეულ სტადიებზე გამოვლენა ხშირად ძალიან რთულია, თუმცა არსებობს ნიშანი, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის კიბოს წინასწარ სიმპტომად შეიძლება ჩაითვალოს, წერს გამოცემა Daily Express.
Cancer Research UK-ს სპეციალისტების თქმით, საუბარია კისერზე გაჩენილ უმტკივნეულო გამობურცულობაზე.
როგორც ცნობილია, ფარისებრი ჯირკვლის კიბო — კარცინომა, ავთვისებიანი სიმსივნის გავრცელებულ ფორმად არ მიიჩნევა, თუმცა ბოლო ხანს ის რამდენადმე გახშირდა, განსაკუთრებით, ბავშვებში.
ფარისებრი ჯირკვლის კეთილთვისებიანი კვანძები და კიბო უმთავრესად ქალებს უვითარდებათ, ავთვისიანი კი უფრო მამაკაცებს შორის შეიმჩნევა. ფარისებრი ჯირკვლის ზოგი კარცინომა მემკვიდრეობითი ბუნებისაა.
აძლიერებს ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობას: ექსპერტმა მცენარეები დაასახელა
გასათვალისწინებელია, რომ ხშირად ავთვისებიანი სიმსივნე ხანგრძლივი კეთილთვისებიანი ჩიყვის ფონზე ვითარდება.
როგორც Cancer Research UK-ს სპეციალისტები აღნიშნავენ, თუ ადამიანმა კისრის წინა ნაწილში შესიება შენიშნა, აუცილებლად უნდა ეწვიოს ონკოლოგს. თუმცა იქვე ხაზს უსვამენ, რომ კისერზე ამობურცულობის გაჩენა ყოველთვის არ არის ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ადრეული სიმპტომი. ექიმები მსგავსი ჩივილების მქონე პაციენტებიდან მხოლოდ ყოველ მე-20 შემთხვევაში სვამენ ასეთ დიაგნოზს. უფრო ხშირად შესიება ნაკლებად სერიოზული დაავადებებით არის გამოწვეული.
ბრიტანელი ექიმების თქმით, კისერზე გაჩენილი ამობურცულობის გარდა, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ადრეულ სტადიაზე შესაძლოა ასევე მეტყველებდეს დიარეაც.
როგორც მედიკოსები განმარტავენ, გამორიცხული არ არის, რომ კუჭის ხშირი მოქმედება ორგანიზმში კალციტონინის ჭარბი რაოდენობით იყოს გამოწვეული, რაც არის კიდეც ფარისებრი ჯირკვლის კიბოს „ჩუმი“ ნიშანი.
საქმე ისაა, რომ ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია ორგანიზმის ყველა სისტემის, მათ შორის, საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობასაც აჩქარებს. ამიტომ თუ ადამიანმა ეს სიმპტომი შენიშნა, აუცილებლად უნდა გაესინჯოს ექიმს.
გარდა ამისა, NHS-ის სპეციალისტების თქმით, ფარისებრი ჯირკვლის კიბოზე შესაძლოა მიანიშნებდეს:
ხმის ჩახლეჩა — არა გაციების გამო;
ტკივილები ყელში;
ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელება;
კისრის ტკივილი ან შეგრძნება, თითქოს ადამიანს კისერზე რამე აწვება;
სახის სიწითლე, რაც ძნელი შესამჩნევია მუქი ფერის კანზე;
ხანგრძლივი ხველება;
წონაში კლება.