ბავშვი ასანთით ხელში - კობახიძემ უკრაინასთან დაკავშირებით ზურაბიშვილის ქმედებები შეაფასა

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ პრეზიდენტთან შეხვედრაზე ისაუბრა.
Sputnik
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. ერთი წამითაც კი ძნელი წარმოსადგენია, უკრაინის კონფლიქტის დაწყებისას რა მოუვიდოდა საქართველოს, ქვეყნის საგარეო პოლიტიკას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რომ ახორციელებდეს – ეს იქნებოდა ბავშვი ასანთით ხელში, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძე პარლამენტის სხდომაზე.
კობახიძის თქმით, უკრაინის კონფლიქტის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე ის და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიიწვია და მათ განუცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „მსოფლიო გმირი გახდა", ამასთან დაინტერესდა, რას აპირებდა საქართველოს ხელისუფლება. ერთი წლის წინანდელი შეხვედრის თაობაზე ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას ისაუბრა.

„ერთ წამით წარმოიდგინეთ, ის რომ ყოფილიყო არა პრეზიდენტი, არამედ პრემიერ-მინისტრი, მის ხელში რომ ყოფილიყო საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელება იმ დღეს, ეს იქნებოდა ბავშვი ასანთით ხელში“, – განაცხადა კობახიძემ.

როგორც მმართველი პარტიის ლიდერმა აღნიშნა, იმ დროიდან მოყოლებული სალომე ზურაბიშვილი არის იქ, სადაც „კოლექტიური „ნაცმოძრაობაა".

„თავად განსაჯეთ, საითკენ ცდილობდა ჩვენი ნაბიჯების მიმართვას სალომე ზურაბიშვილი", – განაცხადა კობახიძემ.

მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციას“ და „კოლექტიურ „ნაცმოძრაობას" უწოდებენ ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და მის თანამოაზრეებს.
იმპიჩმენტი ჩავარდა: პრეზიდენტი თავის თანამდებობაზე რჩება>>>
მმართველი პარტიის ლიდერის თქმით, პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი პოზიცია, როდესაც პარლამენტში საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად მივიდა მაშინ, როდესაც რამდენიმე დღით ადრე ზელენსკიმ ელჩი თბილისიდან გაიწვია.
2022 წლის 30 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევის შესახებ განაცხადა. მიზეზად დასახელდა დიპლომატების არასაკმარისად პროდუქტიული მუშაობა, ვინაიდან ქვეყნები, რომლებშიც ისინი მუშაობენ, არ შეუერთდნენ დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. იმავე წლის 24 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას საქართველოში უკრაინის ელჩის იგორ დოლგოვის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

„ამის ფონზე პარლამენტის თავმჯდომარესთან შეუთანხმებლად მან საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი აქ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში მოიყვანა. ეს არის მისი დამოკიდებულება სახელმწიფოს, კონსტიტუციისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ", – განაცხადა კობახიძემ.

იგი არ უნდა ატარებდეს საქართველოს პრეზიდენტის სტატუსს, დასძინა კობახიძემ.
იმპიჩმენტის პროცესი
მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც სალომე ზურაბიშვილი, მთავრობის უარის მიუხედავად, 31 აგვისტოს ევროპულ ტურნეში და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან შესახვედრად გაემგზავრა. მინისტრთა კაბინეტში უარი იმით ახსნეს, რომ ხელისუფლებამ პრეზიდენტის მიმართ ნდობა დაკარგა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ვიზიტების მიზანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.
ზურაბიშვილის იმპიჩმენტს საფუძვლად დაედო საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუციის დებულება პრეზიდენტის უფლებამოსილების შესახებ და სამი უცხოური საგარეო ვიზიტი მთავრობის თანხმობის გარეშე განახორციელა. დავის საგანი გახდა ზურაბიშვილის მიერ 2023 წლის 31 აგვისტოს, 1 სექტემბერსა და 6 სექტემბერს განხორციელებული ვიზიტები.
პრეზიდენტის იმპიჩმენტი: რაზე ისაუბრა ზურაბიშვილმა პარლამენტში>>>
ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მას კონსტიტუცია არ დაურღვევია და 16 ოქტომბერი ისტორიაში შევა, როგორც ერთპარტიული უზენაესობის გამყარება სასამართლო სისტემაზე.
ზურაბიშვილის დაცვის მხარე აცხადებდა, რომ პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა კონსტიტუციის 49-ე მუხლით - „საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი", სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს საქართველოს, ასევე 78-ე მუხლით - „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია", რომლის თანახმად საკონსტიტუციო ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ საკითხმა პარლამენტში გადაინაცვლა.
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი მინიმალური 100-ის ნაცვლად. შესაბამისად, პრეზიდენტმა თანამდებობა შეინარჩუნა.