თბილისი, 18 ოქტომბერი − Sputnik. ძალიან ამაყი ვარ, რომ დღეს ისრაელში ვიმყოფები, აშშ კვლავაც დაეხმარება ისრაელს ნებისმიერ ვითარებაში, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
„მინდა ვთქვა ისრაელის ხალხზე: მათი სიმამაცე, მათი ქვეყნისადმი ერთგულება, მათი თავდადება გამაოგნებელია. ძალიან ამაყი ვარ აქ ყოფნით და იმედი მაქვს, რომ კონსტრუქციულ დიალოგს გავმართავთ იმაზე, თუ საით ვიმოძრავებთ მომავალში“, − აღნიშნა ბაიდენმა.
ამერიკის პრეზიდენტმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, არ დაივიწყოს, რომ „ჰამასი“ არ წარმოადგენს პალესტინელი ხალხის ინტერესებს და ტანჯვის მეტი არაფერი მოუტანია მისთვის.
გარდა ამისა, ჯო ბაიდენი ღაზაში მდებარე საავადმყოფოს აფეთქებასაც შეეხო. მან სრულად გაიზიარა ისრაელის არგუმენტები მომხდართან დაკავშირებით და განაცხადა, რომ, „როგორც ჩანს, ეს მეორე მხარემ გააკეთა“.
პრესკონფერენციაზე ისაუბრა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმაც, რომელმაც მსოფლიოს „ჰამასის“ წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა.
„როგორც თავის დროს გაერთიანდა ცივილიზებული სამყარო ნაცისტებისა და „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ, ახლაც ისევე უნდა გაერთიანდეს „ჰამასის“ წინააღმდეგ. ცივილიზაციის ძალა გაიმარჯვებს ჩვენი სახელით, თქვენი სახელითა და მშვიდობისა და უსაფრთხოების სახელით“, − თქვა ნეთანიაჰუმ.
ჯო ბაიდენი ისრაელში დღეს ჩაფრინდა მიმდინარე ომში ქვეყნისადმი სოლიდარობის გამოსახატად. ბაიდენს, რომელსაც უშიშროების სამსახურის დიდი კონტინგენტი ახლავს, თვითმფრინავთან ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი დახვდნენ, რომლებსაც ის თბილად გადაეხვია.