თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საკანონმდებლო ორგანო საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის გზით გადაყენების საკითხს მიმდინარე სასესიო კვირაში განიხილავს და კენჭს უყრის, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ორშაბათს დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის დარღვევა იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადახედვას არ ექვემდებარება.
პაპუაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა, პროცესი პარლამენტში ინაცვლებს. მას შემდეგ, რაც ინფორმაცია ოფიციალურად შევა პარლამენტში, შედგება განხილვის და კენჭისყრის გრაფიკი, აღნიშნა სპიკერმა.
„ვვარაუდობ, რომ ხვალინდელ ბიუროზე წარმოვადგენთ დადგენილების პროექტს, რომელშიც იქნება განხილვის გრაფიკი. შეტყობინების მიღებიდან პარლამენტს აქვს ორი კვირა, რომ განიხილოს და კენჭი უყაროს ამ საკითხს. მიმდინარე კვირაშივე აჯობებს, რომ განვიხილოთ ეს საკითხი და კენჭისყრაზეც დავაყენოთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის სპიკერმა განმარტა, პარლამენტს შეუძლია მოიწვიოს პირი, ვის მიმართაც იმპიჩმენტის საკითხი არის დაყენებული, განხილვაში მონაწილეობის მისაღებად.
პაპუაშვილის თქმით, პარლამენტი დაუკავშირდება პრეზიდენტის აპარატს და თუ სალომე ზურაბიშვილს ექნება სურვილი მონაწილეობა მიიღოს პლენარულ სხდომაში, დეპუტატები ამის მიხედვით იმოქმედებენ.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც სალომე ზურაბიშვილი, მთავრობის უარის მიუხედავად, 31 აგვისტოს ევროპულ ტურნეში და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან შესახვედრად გაემგზავრა. მინისტრთა კაბინეტში უარი იმით ახსნეს, რომ ხელისუფლებამ პრეზიდენტის მიმართ ნდობა დაკარგა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ვიზიტების მიზანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.
ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია – პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა" და მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებით, ამჟამად მხოლოდ 84 მანდატი აქვს.
საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვებზე მართველი პარტიის დეპუტატები ამტკიცებდნენ, რომ ზურაბიშვილმა სამი ვიზიტის დროს დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლი, რომლის თანახმად პრეზიდენტს წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება საგარეო ურთიერთობებში მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია.
ზურაბიშვილის დაცვის მხარე კი აცხადებდა, რომ პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა კონსტიტუციის 49-ე მუხლით - „საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი", სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს საქართველოს, ასევე 78-ე მუხლით - „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია", რომლის თანახმად საკონსტიტუციო ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის.