თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. ქუთაისი–ბაღდათის დამაკავშირებელი გზის (მუხნარის ტყის ტერიტორია) რეაბილიტაცია დასრულდა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ახლა გარემონტებული 5 კმ-იანი მონაკვეთით იწყება ქუთაისი(საღორია)–ბაღდათი–აბასთუმანი–ბენარას საავტომობილო გზა, რომელიც ქუთაისს ბაღდათთან და ვანთან აკავშირებს. აღნიშნული მონაკვეთი მიდის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტამდეც.
„შესაბამისად, ამ მონაკვეთის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი იყო როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე რეგიონის ვიზიტორებისა და ტურისტებისთვის", – აღნიშნულია განცხადებაში.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა გზის სავალ ნაწილს, დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო და გარემონტდა ხელოვნური ნაგებობები, სანიაღვრე ჭები, ღობეები და ლითონის მოაჯირები, გვერდულები, ბეტონის ბორდიურები, ტროტუარები, ველობილიკი, მიერთებები და მოსახლეობის ეზოში შესასვლელები, ავტოპავილიონი, ავტობუსის გასაჩერებელი მოედანი და საგზაო ნიშნები. მოინიშნა და შემოიფარგლა გზის სავალი ნაწილი.
რეაბილიტირებულ მონაკვეთზე მოეწყო გარე განათების სისტემაც.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 8,6 მლნ ლარი შეადგინა.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი