თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ როგორც სახელმწიფოს მეთაური, სრულიად არის გასული საკონსტიტუციო სივრცის მიღმა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ოქტომბერს დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევა, რომლის თანახმად პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია. გუშინ თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა განაცხადა, რომ როგორც ზოგადად საკონსტიტუციო სასამართლოს, ისე მოსამართლეებს, რომლებმაც დასკვნას მოაწერეს ხელი, უნდა რცხვენოდეთ.
„თავისი გამოსვლით ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ როგორც პრეზიდენტი, ის საერთოდ გასულია საკონსტიტუციო სივრციდან... მოსამართლეებს, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, აბულინგებს. ეს არის სწორედ უსაფუძვლო ამბიციებს შეწირული ადამიანის განცხადება, რომელიც აღარც კონსტიტუციას ცნობს, აღარც სახელმწიფოს“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მმართველმა პარტიის დეპუტატებმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადეს, რაც სალომე ზურაბიშვილი, მთავრობის უარის მიუხედავად, 31 აგვისტოს ევროპულ ტურნეში და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან შესახვედრად გაემგზავრა. მინისტრთა კაბინეტში უარი იმით ახსნეს, რომ ხელისუფლებამ პრეზიდენტის მიმართ ნდობა დაკარგა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ვიზიტების მიზანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მმართველი პარტია იმპიჩმენტის საკითხის პარლამენტში გატანას გეგმავს. თუმცა, ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია – პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა" და მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებით, ამჟამად მხოლოდ 84 მანდატი აქვს.
ზურაბიშვილის დაცვის მხარე სასამართლოზე აცხადებდა, რომ პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა კონსტიტუციის 49-ე მუხლით - „საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი", სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს საქართველოს, ასევე 78-ე მუხლით - „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია", რომლის თანახმად საკონსტიტუციო ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის.
სასამართლო კოლეგიამ ხმების უმრავლესობით უფრო არგუმენტირებულად მიიჩნია „ქართული ოცნების" დასკვნები. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტმა 2023 წლის 31 აგვისტოს, 1 სექტემბერს და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის გარეშე, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლი.