თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. ვლადიმირ პუტინი ჯერ არ გამოსულა სამშვიდობო ინიციატივით პალესტინა-ისრაელის კონფლიქტთან დაკავშირებით, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, გამოვა თუ არა პუტინი რაიმე სამშვიდობო ინიციატივით, პესკოვმა უპასუხა:
„არა. სამშვიდობო ინიციატივით გამოსვლისთვის საჭიროა მისი დამუშავება, ყველასთან დალაპარაკება, მხარეთა პოზიციების გაგება, ყველა ტენდენციის გაგება“.
მანამდე გაეროს უშიშროების საბჭომ არ მიიღო რუსეთის ჰუმანიტარული რეზოლუცია ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, პროექტს ხუთმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, ოთხი წინააღმდეგი იყო, ხოლო ექვსმა თავი შეიკავა.
ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს („ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი) ბოლო მონაცემებით, ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპული პალესტინელების რიცხვი 2.778-მდე გაიზარდა, კიდევ 59 ადამიანი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე დაიღუპა. დაშავებულია 10.850 ადამიანი ღაზაში და 1.176 იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე.
არსებული ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ღაზაში 108 პალესტინელი დაიღუპა. ამასთან ვარაუდობენ, რომ ნანგრევების ქვეშ ასობით ადამიანია მოყოლილი.
რაც შეეხება ისრაელს, საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე დაიღუპა 1,4 ათასზე მეტი და დაშავდა 4,1 ათასი კაცი.