პეკინში საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლა განიხილეს

პეკინში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-8 სხდომა გაიმართა.
Sputnik
თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების ახალი ეტაპის დაწყება, „შუა დერეფნის“ გაძლიერება, ინვესტიციები, სავაჭრო კავშირების გაძლიერება განიხილეს პეკინში შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი და ჩინეთის კომერციის მინისტრი ვანგ ვენთაო, იუწყება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პრეს-სამსახური.
მხარეების შეხვედრა საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-8 სხდომის ფარგლებში გაიმართა.

„ვისაუბრეთ ჩინეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობის კუთხით ახალი ეტაპის დაწყებაზე. განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი პოტენციური საინვესტიციო პროექტები, როგორიცაა „შუა დერეფნის“ გაძლიერება, ინვესტიციები ტრანსპორტის, ლოგისტიკის სფეროში, ინვესტიციები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ასევე სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერება და სავაჭრო ბარიერების დაძლევა“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მისი თქმით, მხარეებმა დასახეს კონკრეტული მიზნები იმისთვის, რათა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობა შეესაბამებოდეს სტრატეგიული პარტნიორობის დონეს.
2023 წლის ივლისის ბოლოს ქვეყნებმა განაცხადეს ორმხრივი ურთიერთობების ახალ ეტაპზე – სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაზე გადასვლის შესახებ. ამის შედეგად საქართველოს ხელისუფლება ჩინური ინვესტიციების შთამბეჭდავ ზრდას ელოდება.
ორი ქვეყნის ერთობლივი კომისიის სხდომა ლევან დავითაშვილისა და ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილის ლინ ძის თანათავმჯდომარეობით გაიმართა.
საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-8 სხდომა
როგორც კომისიის თანათავმჯდომარეებმა თავიანთ გამოსვლებში აღნიშნეს, შეხვედრა შემდგომში ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას, სხვადასხვა სექტორში ეკონომიკური თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაღრმავებას.
კომისიის სხდომის დღის წესრიგის მიხედვით, მხარეებმა განიხილეს საკითხების ფართო სპექტრი: სავაჭრო-ეკონომიკური სფერო, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის გაღრმავების პერსპექტივები, საინვესტიციო ურთიერთობები, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, ლოჯისტიკა და ინფრასტრუქტურა, საინფორმაციო ტექნოლოგიები და ინოვაციები, ტურიზმი და სხვ.
დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის სხვადასხვა მიმართულებით ეკონომიკური თანამშრომლობისთვის მეტი რესურსი არსებობს.

„ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ნაყოფიერი და წარმატებული ურთიერთობა შესაბამისად აისახება ორმხრივი ვაჭრობის სტატისტიკაზე. 2023 წლის რვა თვის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვის მიხედვით ჩინეთი იკავებს მე-4 ადგილს საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის 7,8%-იანი წილით“, – განაცხადა მან.

გარდა ამისა, ვიცე-პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესება, პირდაპირი ფრენების აღდგენასთან ერთად, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართულ-ჩინური პარტნიორობის გაღრმავებას.
ჩინეთის მოქალაქეებისთვის საქართველოსთან უვიზო რეჟიმი 2023 წლის 12 სექტემბრიდან ამოქმედდა. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და ქვეყანაში დარჩნენ 30 დღემდე ვადით.
გარდა ამისა, ვიცე-პრემიერმა ჩინურ მხარეს გააცნო საქართველოში არსებული ეკონომიკური სიტუაცია, საქართველოს ეკონომიკის დინამიკა და სტატისტიკური მონაცემები, ასევე ისაუბრა სხვადასხვა სფეროში მიმდინარე რეფორმებზე.
როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, 2022 წელი იყო სავსე მნიშვნელოვანი ეკონომიკური გამოწვევებით, თუმცა, რეგიონში არსებული მწვავე გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე საქართველომ შეძლო ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება – 2021 წელს დაფიქსირებული 10,5%-იანი ეკონომიკური ზრდის შემდეგ 2022 წელს ასევე დაფიქსირდა ორნიშნა ზრდა – 10,1%, ხოლო 2023 წლის იანვარ-აგვისტოში ეკონომიკური ზრდის საშუალო ტემპი 7% იყო.
საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-8 სხდომა. ოქმის ხელმოწერა
დავითაშვილის თქმით, 2022 წელს დაფიქსირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა, რამაც რეკორდული 2,1 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2023 წლის პირველ ნახევარში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა 10,9%-ით, მიაღწია 1.072,1 მლნ აშშ დოლარს და შეადგინა მთლიანი შიდა პროდუქტის 7,8%.
დავითაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ გაატარა ინსტიტუციური და სტრუქტურული რეფორმები და შექმნა ბიზნესისთვის ხელსაყრელი, ლიბერალური საგადასახადო სისტემა და ეფექტური სამართლებრივი ბაზა.
„საინვესტიციო გარემოსა და ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით საქართველო რჩება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ქვეყანად და აგრძელებს მუშაობას პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე. ჩვენი მთავრობის დიდი ინტერესია, მოიზიდოს მეტი ჩინური კომპანია და ინვესტიცია საქართველოში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის თანათავმჯდომარეებმა ხელი მოაწერეს შეხვედრის ოქმს, რომელშიც ასახულია ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. კომისიის მომდევნო სხდომა საქართველოში გაიმართება.
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
დღეისათვის ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს 25,8%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით და 1,8 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.
2022 წელს საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი 19,7%-ით გაიზარდა და 736,7 მლნ დოლარი შეადგინა.