მსოფლიო დღეს

„კრისტალურად მკაფიო გზავნილი“ - ჯო ბაიდენი ისრაელში ჩავა

Sputnik
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელს ოთხშაბათს, 18 ოქტომბერს ეწვევა, განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, იუწყება CBS.

„პირველ რიგში, პრეზიდენტი კიდევ ერთხელ დაადასტურებს აშშ-ის სოლიდარობას ისრაელთან და ჩვენს მტკიცე ერთგულებას მისი უსაფრთხოების მიმართ. <...> მეორე, პრეზიდენტი ბაიდენი ხაზს გაუსვამს ჩვენს კრისტალურად მკაფიო გზავნილს ნებისმიერი აქტორის — სახელმწიფო თუ არასახელმწიფო სუბიექტის მიმართ, რომელიც ამ კრიზისით სარგებლობას შეეცდება ისრაელზე თავდასხმისთვის. ნუ გააკეთებთ ამას“, — თქვა ბლინკენმა.

სახელმწიფო მდივნის თქმით, ვიზიტის დროს ბაიდენს ისრაელის სამხედრო მიზნებსა და სტრატეგიას გააცნობენ. ამერიკის პრეზიდენტს სურს მოისმინოს, თუ როგორ აპირებს ისრაელი სამხედრო ოპერაციის ისე ჩატარებას, რომ „მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი მინიმუმამდე დაიყვანოს და ღაზის სექტორის მშვიდობიან მოსახლეობამდე ჰუმანიტარულმა დახმარებამ მიაღწიოს ისე, რომ „ჰამასის“ ხელში არ მოხვდეს“.
არსებული ინფორმაციით, ისრაელის შემდეგ ჯო ბაიდენი იორდანიაში გაემგზავრება. ამანში ის იორდანიის მეფე აბდულა მეორეს, ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელა ფატაჰ სისისა და პალესტინის ლიდერ მაჰმუდ აბასს შეხვდება.
მანამდე ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთის ტურნეს ფარგლებში, ისრაელის გარდა, ასევე ეწვია იორდანიას, კატარს, ბაჰრეინს, ეგვიპტეს, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს.
გარდა ბლინკენისა, ისრაელში იმყოფებოდა აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინიც, რომელიც თავის კოლეგას იოავ გალანტს შეხვდა. პენტაგონის ხელმძღვანელმა დაარწმუნა იგი, რომ შეერთებული შტატების მხარდაჭერა იქნება მტკიცე და ვაშინგტონი უზრუნველყოფს, რომ თელ-ავივს „ჰქონდეს ყველაფერი, რაც მას თავის დასაცავად სჭირდება“.