თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა საკითხებში ილზე ბრანდს კერისმა ისრაელის ხელისუფლებას მოუწოდა, შეწყვიტოს სამხედრო ძალის არაპროპორციული გამოყენება პალესტინელების წინააღმდეგ.
„მოვუწოდებ ისრაელს, გადადგას დაუყოვნებლივი ნაბიჯები, რათა შეწყდეს ისრაელელი სამხედროების მხრიდან არაიძულებითი ან არაპროპორციული ძალის გამოყენება პალესტინელების წინააღმდეგ“, – განაცხადა კერისმა.
კერისმა ასევე მოუწოდა ისრაელს, დაიცვას პალესტინის მოსახლეობა იძულებითი დეპორტაციის საფრთხისგან.
7 ოქტომბრის დილით „ჰამასმა" ისრაელის წინააღმდეგ უპრეცედენტო მასშტაბის სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ისრაელის არმიის პრეს-სამსახურის ცნობით, პალესტინიდან 3 ათასზე მეტი რაკეტა იყო გაშვებული. მასიური სარაკეტო თავდასხმების შემდეგ „ჰამასის" მებრძოლებმა ღაზის სექტორიდან ისრაელის სამხრეთით სასაზღვრო რაიონებში შეაღწიეს.
საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორში "ჰამასის" წინააღმდეგ ოპერაცია „რკინის ხმლები" დაიწყეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ერისადმი მიმართვისას ომი ოფიციალურად გამოაცხადა და რეზერვის ფართო მობილიზაცია ბრძანა. 8 ოქტომბერს ისრაელმა ომი ოფიციალურად გამოაცხადა.
ისრაელის მთავრობის ბოლო მონაცემებით, „ჰამასის“ თავდასხმებს 7 ოქტომბრიდან დღემდე 1400-ზე მეტი ემსხვერპლა და დაშავდა 4,1 ათასი ადამიანი. ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს („ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი) ბოლო მონაცემებით, ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპული პალესტინელების რიცხვი 2.778-მდე გაიზარდა, კიდევ 59 ადამიანი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე დაიღუპა. დაშავებულია 10.850 ადამიანი ღაზაში და 1.176 იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე.