თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უღალატა კონსტიტუციას და კონსტიტუციაზე დადებულ ფიცს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში ორშაბათს დაადგინა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მთავარი კანონი დაარღვია.
„ქართული ოცნების ლიდერმა აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ზურაბიშვილს მაშინვე უნდა დაეტოვებინა თანამდებობა.
მან აღნიშნა, რომ ზურაბიშვილი დამოუკიდებელი არ არის თავის გადაწყვეტილებებში და გადადგომის გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს იმ ძალების თანხმობის გარეშე, რომლებმაც მას კონსტიტუციის დარღვევისკენ უბიძგეს.
სასესიო კვირის ბოლომდე პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით გადაყენების შესახებ კენჭისყრა გაიმართება, განაცხადა კობახიძემ.
ამავე დროს კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ რამდენიმე ოპოზიციონერ დეპუტატს მაინც აღმოაჩნდება საკმარისი პატრიოტიზმი ან პროფესიული ღირსება, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა და კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ წასვლა რეაგირების გარეშე არ დატოვოს.
მან ასევე აღნიშნა, რომ დღეიდან ზურაბიშვილი პრეზიდენტად მხოლოდ ფორმალურად განიხილება.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დამოკრატიულმა საქართველომ" პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც სალომე ზურაბიშვილი, მთავრობის უარის მიუხედავად, 31 აგვისტოს ევროპულ ტურნეში და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან შესახვედრად გაემგზავრა. მინისტრთა კაბინეტში უარი იმით ახსნეს, რომ ხელისუფლებამ პრეზიდენტის მიმართ ნდობა დაკარგა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ვიზიტების მიზანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.
იმპიჩმენტის პროცედურა ახლა პარლამენტში გადაინაცვლებს. ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია – პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა" და მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებით, ამჟამად მხოლოდ 84 მანდატი აქვს.
მართველმა პარტიამ ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევაში დასდო ბრალი, რომლის თანახმად პრეზიდენტს წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება საგარეო ურთიერთობებში მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია.
ზურაბიშვილის დაცვის მხარე კი აცხადებდა, რომ პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა კონსტიტუციის 49-ე მუხლით - „საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი", სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს საქართველოს, ასევე 78-ე მუხლით - „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია", რომლის თანახმად საკონსტიტუციო ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის.