თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ 2023 წლის ცხრა თვეში ჰუმანიტარული სტატუსი და ლტოლვილის სტატუსი მისცა 162 უცხოელს, ხოლო გააძევა უცხო ქვეყნის 154 მოქალაქე, ნათქვამია საქართველოს შსს-ს მასალებში.
უწყების ცნობით, საქართველომ ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა 14 უცხოელს – რუსეთის 4 მოქალაქეს, ბანგლადეშის სამ მოქალაქეს, ირანის სამ მოქალაქეს, თურქეთისა და სირიის მოქალაქეებს და დაუდგენელი მოქალაქეობის მქონე პირს.
რაც შეეხება ჰუმანიტარულ სტატუსს, ის 148 უცხოელმა მიიღო, მათ შორისაა უკრაინის 85, ყაზახეთის 4, ერაყის ერთი და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.
1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში სტატუსის მიღებაზე უარი ეთქვა 349 უცხოელს, ყველაზე მეტი უარი ირანის და თურქეთის მოქალაქეებზე მოდის.
მთლიანობაში 2023 წლის პირველ ცხრა თვეში საქართველოში თავშესაფარი ითხოვა 776-მა უცხოელმა.
ვის აძევებს საქართველო
2023 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველომ ქვეყნიდან უცხოეთის 16 სახელმწიფოს 154 მოქალაქის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. გაძევებულთა ძირითადი წილი მოდის ირანის, აზერბაიჯანისა და ინდოეთის მოქალაქეებზე.