14 წლის აითაჯის მკვლელობა: მკვლელის ნათესავებმა ბრალი აღიარეს

გამოძიებამ დაადგინა, რომ მკვლელობაში ბრალდებულმა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება აითაჯ შახმანოვას და ბიძის სახლში ჩაიყვანა, რომელმაც იცოდა ჩადენილი დანაშაულის შესახებ
Sputnik
თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. საგარეჯოში 14 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ბიძამ და ბიძაშვილმა, რომლებიც დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს, დანაშაული აღიარეს, - ამის შესახებ ბრალდებულის ადვოკატმა არჩილ დვალიშვილმა განაცხადა.
14 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი 13 ოქტომბერს დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.
„ბუნებრივია, ცნობილი იყო, არასრულწლოვანი რომ იყო გარდაცვლილი, აქედან გამომდინარე ბრალდების ნაწილში აღიარებენ. სავარაუდოდ, სასამართლო პროცესი ხვალისთვის ჩაინიშნება“, – განაცხადა ადვოკატმა.
დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმის დეტალები
გამოძიებამ დაადგინა, რომ 2023 წლის ზაფხულში მკვლელობაში ბრალდებულმა არასრულწლოვანს ქორწინების მიზნით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ბიძის სახლში მიიყვანა.
„ბავშვი ცოლი არ არის“: დღეს პარლამენტთან მდუმარე აქცია გაიმართება >>
აღნიშნულის მიუხედავად, არასრულწლოვანმა მოახერხა გაპარვა, უცხო პირის მობილური ტელეფონით დედასთან დაკავშირება და მისი გატაცების თაობაზე შეტყობინება, რაც ასევე ცნობილი გახდა გატაცებული არასრულწლოვნის ბიძისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვნის დედისა და ბიძისთვის ცნობილი გახდა 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, მათ მიაჩნდათ, რომ არასრულწლოვანს არ ჰქონდა თავისუფალი ნების გამოვლენისა და არჩევანის გაკეთების უფლება, აღნიშნული არ შეატყობინეს სამართალდამცველ ორგანოებს და ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს.
„ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს“: მოკლული გოგოს დედას და ბიძას ბრალი წარუდგინეს >>
სასამართლოზე დადგინდა, რომ დედამ თავად შეურჩია თავის ქალიშვილს „ქმარი“, ხოლო მას შემდეგ რაც გოგონამ გამტაცებელს თავი დააღწია, დედამ ის „ქმართან“ დააბრუნა და თავისი ქალიშვილის „გათხოვების“ ფაქტი დაუმალა იმ სკოლის პედაგოგებს, სადაც ბავშვი სწავლობდა.
სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი გოგონას განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი 9 ოქტომბერს დააკავეს, ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – ცეცხლსასროლი იარაღი.
მამაკაცს ბრალი სსკ-ის სამი მუხლით წარუდგინეს: არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ოჯახის წევრის გენდერული ნიშნით განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სასამართლომ 14 წლის მოკლული გოგონას დედას და ბიძას პატიმრობა შეუფარდა>>
შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ საქმეზე გამოძიება გრძელდება როგორც ბრალდებულისთვის სავარაუდო სექსუალური ხასიათის დანაშაულებრივი ქმედების ბრალად შერაცხვის, ისე დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი შესაძლო სხვა პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.
მედიის ცნობით, გოგონა იყო გატაცებული და იმყოფებოდა დაურეგისტრირებელ ქორწინებაში დაახლოებით ორი თვის განმავლობაში. „ქმარმა“ არასრულწლოვანს მას შემდეგ ესროლა, რაც მან მორიგ ჯერზე გაქცევა სცადა. გარდაცვლილის დედის თქმით, სანამ მოკლავდა, სცემა და ხეზე მიაბა.
პროკურატურის ინფორმაციით, გოგონას სხეულზე ხუთი ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნება.