თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. ისრაელის ხალხის გამძლეობა და ერთიანობა ყველასათვის შთამაგონებელია, ეს ქვეყანა უდავოდ გაიმარჯვებს, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ისრაელის ელჩ ჰადას მეიცადთან შეხვედრის შემდეგ.
7 ოქტომბერს დილით ისრაელის ტერიტორიაზე ღაზას სექტორიდან უპრეცედენტო სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა - პალესტინის მოძრაობის ჰამასის სამხედრო ფრთამ განაცხადა, რომ დაიწყო ოპერაცია „ალ-აქსას წარღვნა“. გარდა ამისა, მასიური სარაკეტო თავდასხმების შემდეგ, ორგანიზაციის მებრძოლებმა შეაღწიეს სამხრეთ ისრაელის სასაზღვრო რაიონებში.
„ელჩ ჰადას მეიცადს კიდევ ერთხელ დავუდასტურე ისრაელისადმი საქართველოს ურყევი მხარდაჭერა. პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგისთვის წერილი გადავეცი, რომელიც გულწრფელ მწუხარებას გამოთქვამს ბოლო მოვლენების გამო. ისრაელის ხალხის გამძლეობა და ერთიანობა ნამდვილად შთამაგონებელია ყველასთვის. თქვენ უდავოდ გაიმარჯვებთ!” - წერს ზურაბიშვილი Twitter-ში.
თავის მხრივ, პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა ისრაელზე მასირებული იერიშის დღეს ოფიციალურ პირებთან საგანგებო სხდომაზე ისაუბრა პალესტინელი ხალხის უფლებაზე, დაიცვას თავი ისრაელის ჯარისა და გადასახლებული პირებისგან.
საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ღაზის სექტორში კონტრტერორისტული ოპერაცია „რკინის ხმლები" წამოიწყეს. ჯარი სრულ სამხედრო მზადყოფნაში იქნა მოყვანილი და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. უკვე 8 ოქტომბერს ისრაელმა ომი ოფიციალურად გამოაცხადა.
თავდასხმიდან რამდენიმე დღეში ისრაელის სამხედროებმა თავისი კონტროლის ქვეშ მოაქციეს ღაზას საზღვართან მდებარე ყველა დასახლებული პუნქტი და საჰაერო დარტყმების განხორციელება დაიწყეს. ისრაელმა ღაზას სექტორის სრული ბლოკადა გამოაცხადა: წყლის, საკვების, ელექტროენერგიის, მედიკამენტების და საწვავის მიწოდება შეჩერდა.
თითოეული მხრიდან მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის რაოდენობამ ათასს გადააჭარბა, რამდენიმე ათასი ისრაელელი და პალესტინელი დაშავდა. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ჰამასის ტყვეობაში შესაძლოა 150-მდე ისრაელის მოქალაქე იყოს.