თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო ფონდს (სსფ) ქვეყანაში სსფ-ის პროგრამის აღდგენის პროცესის დაწყებაზე შეუთანხმდა, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.
მიმდინარე წლის ივლისში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გადადო მეორე მიმოხილვის განხილვა სარეზერვო დაფინანსების შეთანხმების (SBA) ფარგლებში, რომლის შემდეგაც საქართველოს 30 მილიონი SDR (დაახლოებით 40 მილიონი აშშ დოლარი) უნდა მიეღო. არც საქართველოს ეროვნულ ბანკს და არც სსფ-ს არ განუმარტავთ, რა გახდა ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი. ეროვნულ ბანკში განაცხადეს, რომ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა მაინც გრძელდება.
„შევთანხმდით, რომ პროგრამის აღდგენასთან დაკავშირებით შემდგომი სამუშაოები უახლოეს პერიოდში ტექნიკური გუნდების დონეზე გაგრძელდება“, – განაცხადა თურნავამ სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორ ჯიჰად აზურთან შეხვედრის შემდეგ.
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს სსფ-ის მიერ მხარდაჭერილი, დროებით შეფერხებული პროგრამის სწრაფად აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები და კონკრეტული ნაბიჯები.
ასევე აღინიშნა პროგრამის მეორე მიმოხილვის დროულად დასრულების აუცილებლობა, რისთვისაც ორივე მხარე სრულ მზადყოფნას გამოხატავს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოში პროგრამა მას შემდეგ შეაჩერა, რაც 2023 წლის ივნისში ძალაში შევიდა „ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს მარეგულირებლის პირველი ვიცე-პრეზიდენტის ახალი თანამდებობის შემოღებას, რომელიც ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შეასრულებს.
ამასთან დაკავშირებით პარლამენტს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევაც კი მოუხდა, რომელმაც მიზანშეწონილად არ მიიჩნია ეროვნული ბანკის საბჭოში აღმასრულებელ პირთა რაოდენობის გაზრდა.
თანამშრომლობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან
სსფ მრავალი წლის განმავლობაში ეხმარება საქართველოს სტრუქტურული რეფორმების განხორციელებაში.
საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერისკენ მიმართული პირველი სამწლიანი პროგრამა, რომელიც სავალუტო ფონდმა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა, 2021 წელს დასრულდა. პროგრამის ფარგლებში გადარიცხვებმა 687 მლნ დოლარი შეადგინა.
2022 წელს საქართველო და საერთაშორისო სავალუტო ფონდი ქვეყნის ახალ სამწლიან პროგრამაზე შეთანხმდნენ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ დაამტკიცა ახალი Stand-By Arrangement-ის 280 მლნ დოლარიანი შეთანხმება საქართველოს მთავრობასთან (100%-იანი კვოტები და 210,4 მლნ SDR).
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს ხელისუფლების პროგრამა მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შემდგომ განმტკიცებას, საშუალოვადიანი ზრდის პერსპექტივების გაზრდას რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე.