თბილისი, 13 ოქტომბერი − Sputnik. ზოგიერთი ქვეყანა ჯერ კიდევ ირიცხება დსთ-ის შემადგენლობაში, მაგრამ ისინი ამ ფორმატში არ მუშაობენ, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თანამეგობრობის სახელმწიფოთა მეთაურების საბჭოს სხდომაზე.
მისი თქმით, საუბარია საქართველოზე, უკრაინასა და მოლდოვაზე.
„საქართველოს შემთხვევაში ყველაფერი ყოფილი პრეზიდენტის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ დაიწყო, რომელსაც შიდა პრობლემების გადაჭრა ძალის გამოყენებითა და სამხრეთ ოსეთზე შეტევით სურდა <...>, და იმ შედეგებიდან, რომლებიც ამ ავანტიურას მოჰყვა“, − აღნიშნა პუტინმა.
უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის ლიდერმა თქვა, რომ ქვეყანამ ხელი მოაწერა დსთ-ის შესახებ ფუნდამენტურ დოკუმენტს, მაგრამ რეალურად არასდროს შეერთებია მას სრული ფორმატით.
„უკრაინა <…> თავიდანვე ფაქტობრივად არიდებდა თავს ფართომასშტაბიან თანამშრომლობას“, − დასძინა მან.
რაც შეეხება მოლდოვას, ვლადიმირ პუტინი ფიქრობს, რომ ქვეყანა პრაქტიკულად კარგავს თავის იდენტობას.
„ამ ქვეყნის ელიტას მიაჩნია, რომ ისინი არ არიან მოლდოველები. ისინი საკუთარ თავს რუმინელებს უწოდებენ. მაგრამ ეს მათი არჩევანია", − თქვა პუტინმა და იქვე დაამატა, რომ ქვეყნის იდენტობის სრული დაკარგვა მოლდოვის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის არჩევანია.
ამასთან პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დსთ-ის ფარგლებში თანამშრომლობა საიმედო, მოთხოვნად და ეფექტურ ფორმატად რჩება, რომლის ფარგლებშიც წევრი სახელმწიფოები ურთიერთობებს პარტნიორობის, ორმხრივი სარგებლობისა და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებით აგებენ.
ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში დსთ-ის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტი დღეს, 13 ოქტომბერს დაიწყო. ღონისძიების თავმჯდომარეა მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი. სამიტში მონაწილეობენ: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომარტ ტოკაევი, ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი, უზბეკეთისა და თურქმენეთის ლიდერები − შავქათ მირზიიოევი და სერდარ ბერდიმუჰამედოვი.
გავრცელებული ინფორმაციით, სამიტზე სახელმწიფოთა მეთაურები სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის საკითხების განხილვას აპირებენ. ისინი ასევე შეაჯამებენ დსთ-ის ფარგლებში თანამშრომლობის შედეგებს და სამომავლო ამოცანებსაც დასახავენ.