მთიან აჭარას ახალი ველომარშრუტი შეემატა

აჭარა ტურისტებისთვის ასოცირდება არა მხოლოდ ზღვასთან, არამედ მთის ღირსშესანიშნაობებთანაც.
Sputnik
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. მთიან აჭარას ახალი წრიული საველოსიპედე მარშრუტი „გოდერძი–მწვანე ტბა–შავი ტბა“ შეემატა, ნათქვამია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის განცხადებაში.
უწყების ცნობით, 24-კილომეტრიანი მარშრუტი, რომლის მარკირებაც წელს განხორციელდა, გოდერძის უღელტეხილიდან იწყება. მარშრუტი გოდერძიდან მწვანე ტბამდე რიყეთისა და ლოდიძირის იაილებში გადის, სადაც მემთეურების ხის სახლებისა და ულამაზესი პეიზაჟების ნახვაა შესაძლებელი.

„მარშრუტის პირველი გაჩერება მწვანე ტბაა, სადაც მოგზაურებს პიკნიკი, ნავით ტბაზე გასეირნება და შთამბეჭდავი ფოტოების გადაღება შეუძლიათ. მწვანე ტბაზე შესვენების შემდეგ ველომარშრუტი შავი ტბისკენ გრძელდება. ზღვის დონიდან 1900 მეტრზე მდებარე შავი ტბა გარშემორტყმულია ტყით და ჭაობისთვის დამახასიათებელი მცენარეებით. შავი ტბის შემდეგ ველომარშრუტი ისევ გოდერძის უღელტეხილზე ბრუნდება", – ნათქვამია განცხადებაში.

სამთო ველომარშრუტის მარკირება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ განახორციელა.
გარდა ველომარშრუტისა, წელს ტურისტული ნიშნულები ასევე დამონტაჟდა მთიანი აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მდებარე ახალ საოჯახო-სასტუმრო სახლებთან, ღვინის მარნებთან და კოტეჯებთან.
რაც შეეხება ტურისტულ ინფრასტრუქტურას, უკვე დასრულდა ხიხანის ციხეზე ასასვლელი და მირვეთის ჩანჩქერთან მიმავალი ტურისტული ბილიკების მოწყობა. ახალი საპიკნიკე სივრცეებისა და მცირე ინფრასტრუქტურის მშენებლობა სრულდება ღომას, ნამეფვარის, ბრილის, ჩალეწილებისა და ლელთის ტბის მიმართულებებზეც.
აჭარა ტურისტებისთვის ასოცირდება არა მხოლოდ ზღვასთან, არამედ მთის ღირსშესანიშნაობებთანაც. აჭარაში ტურისტებს შეუძლიათ არა მარტო ულამაზესი პეიზაჟებით დატკბნენ, არამედ ისწავლონ სხვადასხვა ქართული კერძის მომზადება ოჯახური ტიპის სასტუმროების დიასახლისებისგან, გაეცნონ ადგილობრივი მოსახლეობის ტრადიციებს და დასვენება დაუვიწყარი გახადონ.