თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. დსთ-ის ქვეყნების ლიდერებმა ბიშკეკში ხელი მოაწერეს შეთანხმებას რუსული ენის საერთაშორისო ორგანიზაციის დაფუძნების შესახებ. ის ღიაა ნებისმიერი ქვეყნისთვის, მათ შორის მათთვის, ვინც თანამეგობრობაში არ შედის.
ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში დსთ-ის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტი მიმდინარეობს. ღონისძიებაში მონაწილეობენ რუსეთის, ბელარუსის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთისა და თურქმენეთის ლიდერები. უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ სამიტს არ დაესწრება სომხეთის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი.
როგორც დსთ-ის გენერალურმა მდივანმა სერგეი ლებედევმა აღნიშნა, ორგანიზაციის მთავარი მიზანია ქვეყნებს შორის მეგობრობის განმტკიცება, კეთილმეზობლობისა და ურთიერთგაგების განვითარება, ყოველმხრივ ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობა რუსული ენის, როგორც სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ენის მხარდაჭერის საკითხებზე.
მისი თქმით, ორგანიზაციის საქმიანობა მიმართულია რუსული ენის გამოყენების საკითხებზე თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობისკენ, კულტურის, მსოფლიო ლიტერატურის, ისტორიის სფეროებში მსოფლიო ბაზებზე ხელმისაწვდომობისკენ.
ორგანიზაცია გადაწყვეტს მრავალმხრივ ამოცანებს, რომელთა შორისაა: ხარისხიანი განათლება რუსულ ენაზე და პედაგოგიური და სამეცნიერო კადრების მომზადების ხელშეწყობა რუსული ფილოლოგიის სფეროში.
იგეგმება ქვეყნების საგანმანათლებლო, კულტურულ, სამეცნიერო ორგანიზაციებთან და საზოგადოებრივ გაერთიანებებთან ურთიერთობების განვითარება.
ორგანიზაცია ასევე შეუწყობს ხელს ლიტერატურული ნაწარმოებების თარგმნას – რუსულ ენაზე და რუსული ენიდან.