თბილისი, 13 ოქტომბერი − Sputnik. ყირგიზეთში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) წევრი ქვეყნების წვრთნების აქტიური ეტაპი გაიმართა, განუცხადეს ჟურნალისტებს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურში.
„2023 წლის 13 ოქტომბერს ყირგიზეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სასწავლო-საწვრთნელ ცენტრ „ედელვაისში“ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამშვიდობო ძალებთან ერთობლივი წვრთნების „ურღვევი ძმობა 2023“-ის აქტიური ეტაპი გაიმართა“, − აღნიშნა პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა.
მისი თქმით, წვრთნებისას ცენტრალური აზიის კოლექტიური უსაფრთხოების რეგიონში CSTO-ს სამშვიდობო ძალების მიერ სამშვიდობო ოპერაციის მომზადებისა და წარმართვის საკითხები დამუშავდა.
როგორც მან განმარტა, წვრთნებზე დამუშავდა რამდენიმე ტაქტიკური ეპიზოდი: სატრანსპორტო ავიაციით სამხედრო კონტინგენტების გადასროლა დანიშნულების ადგილზე, კოლონების ფორმირება და ავტომობილებითა და ჯავშანსატანკო ტექნიკით ლაშქრობა, მოძრაობის მარშრუტის დაზვერვა, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების განაღმვა, უკანონო შეიარაღებული ფორმირებების ბლოკირება და განადგურება, მნიშვნელოვანი სამთავრობო და სამხედრო ობიექტების დაცვის დავალებების შესრულება და სხვ.
უწყების პრეს-სამსახურის ცნობით, წვრთნებში მონაწილეობა მიიღეს სამშვიდობო ძალების ეროვნულმა კონტინგენტებმა ბელარუსიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, რუსეთიდან და ტაჯიკეთიდან. მათმა საერთო რაოდენობამ დაახლოებით 1500 სამხედრო მოსამსახურე და 200-ზე მეტი ერთეული საავიაციო, ჯავშანსატანკო და საავტომობილო ტექნიკა შეადგინა. წვრთნებში ასევე ჩართული იყო სამხედრო სატრანსპორტო, გამანადგურებელი და საარმიო ავიაცია, საზღვაო ხომალდები და უპილოტო საფრენი აპარატები.