თბილისი, 13 ოქტომბერი − Sputnik. პალესტინური ტერორისტული მოძრაობა „ჰამასი“ იმაზე მეტად უარესია, ვიდრე „ისლამური სახელმწიფო“ იყო, განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა ისრაელში ვიზიტისას.
ოსტინი ისრაელში დღეს ჩაფრინდა და უკვე შეხვდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბენიამენ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს. შეხვედრის დაწყებამდე პენტაგონის შეფმა ჟურნალისტების თანდასწრებით უთხრა ბენიამინ ნათანიაჰუს, რომ შეერთებული შტატები ისრაელის გვერდითაა და მხარს უჭერს მას.
„ჩვენ თქვენ გვერდით ვართ, ბატონო პრემიერო, და როგორც პრეზიდენტმა [ჯო ბაიდენმა] თქვა, მხარს დაგიჭერთ. <...> მე ის ვარ, ვინც „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ კამპანია წამოიწყო და ბევრი ვიცი მასზე. რაც „ჰამასმა“ გააკეთა, იმაზე უარესია, ვიდრე „ისლამური სახელმწიფოს“ შემთხვევაში მინახავს“, − აღნიშნა ლოიდ ოსტინმა.
როგორც ამერიკელი მაღალჩინოსნის თანმხლებ დელეგაციაში აცხადებენ, ლოიდ ოსტინის თელ-ავივში ჩასვლა ისრაელის ხალხისადმი ამერიკის ურყევ მხარდაჭერას აჩვენებს და ამასთან ხაზს უსვამს აშშ-ის მზადყოფნას, უზრუნველყოს ისრაელი თავდაცვისთვის საჭირო ყველა აუცილებელი საშუალებით.
როგორც პენტაგონის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, შეერთებულმა შტატებმა უკვე გადასცა ისრაელს მცირე რადიუსის ბომბები, ასევე თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათისთვის“ საჭირო ჩამჭერი რაკეტები. მისი თქმით, დახმარების რაოდენობა კიდევ გაიზრდება. იარაღის ახალ პარტიას ისრაელში დღეს ელოდებიან.