თბილისი, 12 ოქტომბერი − Sputnik. იმ ფაქტში, რომ რუსეთი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში (UNHRC) ვერ დაბრუნდა, აშშ და მისი მოკავშირეები არიან დამნაშავე, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყებაში მიაჩნიათ, რომ ვაშინგტონის, ლონდონის, ბრიუსელისა და მათი მოკავშირეების მიერ წამოწყებულმა „არაკეთილსინდისიერმა ანტირუსულმა კამპანიამ, რა დროსაც გაეროს წევრ ქვეყნებზე უპრეცედენტო ზეწოლა განხორციელდა“, შედეგი გამოიღო.
„ხშირად ადგილი ჰქონდა აშკარა ეკონომიკურ და პოლიტიკურ შანტაჟს, რათა რუსეთის UNHRC-ში დაბრუნება აეცილებინთ თავიდან. კერძოდ, ამ მიზნით დასავლური ბანაკის ქვეყნები არა მარტო კულუარულ პროპაგანდას აწარმოებდნენ დელეგაციებს შორის, არამედ გაეროს უშიშროების საბჭოს პლატფორმაც გამოიყენეს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აგიტაციისთვის“, − ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში (2024-2026 წლებისთვის) არ აირჩიეს. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჯგუფიდან ორი ადგილისთვის სამი ქვეყანა იყრიდა კენჭს: ალბანეთი, ბულგარეთი და რუსეთი. აქედან ალბანეთმა 123 ხმა მიიღო, ბულგარეთმა − 160, რუსეთმა კი ყველაზე ნაკლები − 83 ხმა.