საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის აღდგენაზე მუშაობს

პროგრამა საქართველოსთვის დაახლოებით 40 მლნ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (სსფ) პროგრამის აღსადგენად მუშაობის გაგრძელებას აპირებს. პროგრამის თანახმად, ქვეყანას დაახლოებით 40 მლნ დოლარი უნდა მიეღო, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილესთან ბო ლისთან შეხვედრაზე.
მიმდინარე წლის ივლისში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გადადო მეორე მიმოხილვის განხილვა სარეზერვო დაფინანსების შეთანხმების (SBA) ფარგლებში, რომლის შემდეგაც საქართველოს 30 მილიონი SDR (დაახლოებით 40 მილიონი აშშ დოლარი) უნდა მიეღო. არც საქართველოს ეროვნულ ბანკს და არც სსფ-ს არ მიუთითებია, რა გახდა ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი. სებში განმარტეს, რომ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა მაინც გრძელდება.

„საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ინტენსიურად განაგრძობს მუშაობას დროებით შეჩერებული პროგრამის უმოკლეს პერიოდში აღსადგენად", – განაცხადა თურნავამ.

საუბრისას მხარეებმა გამოთქვეს ორმხრივი თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი, რათა შესრულდეს არსებული რეკომენდაციები და სწრაფად მოხდეს სსფ-ის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის (Stand-by Arrangement - SBA) აღდგენა და მიმოხილვის დასრულება.
ეროვნული ბანკი სსფ-თან წარმატებით თანამშრომლობს 1991 წლიდან. შეხვედრაზე კვლავ დაფიქსირდა ის პოზიტიური განწყობა, რომელიც უკვე მრავალი წელია საქართველოს ცენტრალურ ბანკსა და სავალუტო ფონდს შორის არსებობს, ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გაზარდა>>
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოში პროგრამა მას შემდეგ შეაჩერა, რაც 2023 წლის ივნისში ძალაში შევიდა „ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს მარეგულირებლის პირველი ვიცე-პრეზიდენტის ახალი თანამდებობის შემოღებას, რომელიც ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შეასრულებს.
ამასთან დაკავშირებით პარლამენტს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევაც კი მოუხდა, რომელმაც მიზანშეწონილად არ მიიჩნია ეროვნული ბანკის საბჭოში აღმასრულებელ პირთა რაოდენობის გაზრდა.
თანამშრომლობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან
სსფ მრავალი წლის განმავლობაში ეხმარება საქართველოს სტრუქტურული რეფორმების განხორციელებაში.
საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერისკენ მიმართული პირველი სამწლიანი პროგრამა, რომელიც სავალუტო ფონდმა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა, 2021 წელს დასრულდა. პროგრამის ფარგლებში გადარიცხვებმა 687 მლნ დოლარი შეადგინა.
რატომ შეჩერდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა საქართველოში? დეპუტატის განმარტება>>
2022 წელს საქართველო და საერთაშორისო სავალუტო ფონდი ქვეყნის ახალ სამწლიან პროგრამაზე შეთანხმდნენ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ დაამტკიცა ახალი Stand-By Arrangement-ის 280 მლნ დოლარიანი შეთანხმება საქართველოს მთავრობასთან (100%-იანი კვოტები და 210,4 მლნ SDR).
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს ხელისუფლების პროგრამა მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შემდგომ განმტკიცებას, საშუალოვადიანი ზრდის პერსპექტივების გაზრდას რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე.