თბილისი, 12 ოქტომბერი − Sputnik. ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში დარჩება იქამდე, ვიდრე „ჰამასის“ მიერ გატაცებული ისრაელელები შინ არ დაბრუნდებიან, განაცხადა ისრაელის ენერგეტიკის მინისტრმა ისრაელ კაცმა.
„ჰუმანიტარული დახმარება ღაზის სექტორს? არცერთი ელექტროჩამრთველი არ ჩაირთვება, არცერთი წყლის ჰიდრანტი არ გაიხსნება და არცერთი ნავთობმზიდი არ შევა იქ, სანამ გატაცებული ისრაელელები სახლებში არ დაბრუნდებიან“, − წერს კაცი სოციალურ ქსელ X-ის აკაუნტზე.
როგორც ის აღნიშნავს, ჰუმანიტარული ნაბიჯი მხოლოდ ჰუმანიტარული ნაბიჯისვე პასუხად შეიძლება გადაიდგას.
„და არავის აქვს უფლება, მორალი წაგვიკითხოს“, − ამბობს ისრაელ კაცი.
მინისტრის თქმით, ისრაელი მრავალი წლის განმავლობაში ამარაგებდა ღაზის სექტორს ელექტროენერგიით, წყლითა და საწვავით, მაგრამ „მადლობის ნაცვლად, მათ ათასობით მხეცი გაგზავნეს ისრაელში ჩვილების, ქალებისა და მოხუცების დასახოცად, მათზე ძალადობისთვის და გასატაცებლად“.
როგორც კაცი ამბობს, სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ისრაელმა ბლოკადაში მოაქცია ღაზის სექტორი, და ეს ბლოკადა კიდევ უფრო გამკაცრდება, სანამ „ჰამასის“ საფრთხე ისრაელისა და მსოფლიოსთვის მთლიანად არ აღმოიფხვრება“.
მანამდე ისრაელის არმიის (ცაჰალი) სპიკერმა ჯონათან კონრიკუსმა განაცხადა, რომ ცაჰალი ღაზის სექტორში „ჰამასის“ გვირაბების ქსელს უტევს, სადაც, ისრაელის ხელისუფლების აზრით, რადიკალებს ტყვედ აყვანილი ებრაელები ჰყავთ გადამალული.
ამ დროის მონაცემებით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე ომის შედეგად 7 ოქტომბრის შემდეგ დაღუპულია 1200 და დაჭრილია 2800-ზე მეტი ისრაელის მოქალაქე.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზის სექტორში დაღუპულია 1100 და დაჭრილია 5,3 ათასზე მეტი პალესტინელი.