თბილისი, 12 ოქტომბერი − Sputnik. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ჰამასის“ ბოევიკებმა ჩვილებს თავები მოჰკვეთეს ისრაელზე თავდასხმისას, განაცხადა ისრაელის თავდაცვის არმიის (ცაჰალი) სპიკერმა ჯონათან კონრიკუსმა.
მისი თქმით, კორონერმა, რომელიც კიბუც ბეერიში იმყოფებოდა იქ განხორციელებული ხოცვა-ჟლეტის შემდეგ, დაადასტურა, რომ თავმოკვეთილი ბავშვების ცხედრები ნახა.
„ვაღიარებ, რომ ჩვენ გარკვეული დრო დაგვჭირდა [მოკლული ბავშვების შესახებ] ცნობების გააზრებისა და გადამოწმებისთვის. ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ თუნდაც „ჰამასს“ შეეძლო ასეთი ბარბაროსობის ჩადენა. ვფიქრობ, ახლა შედარებით დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ჰამასი“ სწორედ ასე მოიქცა... დასახიჩრებული სხეულები ყველგან იყო მიმოფანტული“, − აღნიშნა კონრიკუსმა.
მანამდე „ჰამასმა“ უარყო, რომ მისმა მებრძოლებმა ისრაელზე თავდასხმების დროს ბავშვები დახოცეს.
ამ დროის მონაცემებით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე ომის შედეგად 7 ოქტომბრის შემდეგ დაღუპულია 1200 და დაჭრილია 2800-ზე მეტი ისრაელის მოქალაქე.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზის სექტორში დაღუპულია 1100 და დაჭრილია 5,3 ათასზე მეტი პალესტინელი.
წყარო: BBC