თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე რისკის ჯგუფის წარმომადგენლებს მოუწოდებს, გრიპის ვირუსთან დაკავშირებით სიფრთხილე გამოიჩინონ და უფასო ვაქცინაციით ისარგებლონ.
ჩხაიძის განცხადებით, მიმდინარე სეზონზე, ოქტომბერში გრიპის ვირუსი უკვე დაფიქსირდა და მოსალოდნელია გრიპის შემთხვევების მატება.
„როგორც წესი, ოქტომბერში გრიპის შემთხვევები ძალიან იშვიათად გვხვდება. მისი მატება უფრო ნოემბრიდან არის მოსალოდნელი. მაგრამ წელს ლუგარის ეროვნულმა ლაბორატორიამ უკვე დააფიქსირა გრიპის ვირუსის ორივე, როგორც A, ისე B ტიპი“, – აღნიშნა ჩხაიძემ.
მისი განმარტებით, როგორც ჩანს, კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებით შეიცვალა გრიპის ვირუსის სეზონურობაც. კერძოდ, 2019 წლამდე შემთხვევების მატება შეინიშნებოდა გვიანი შემოდგომა-ზამთრიდან გაზაფხულამდე პერიოდში, 2022 წელს კი შემთხვევების მატება ზაფხულშიც კი დაფიქსირდა.
„ოქტომბრის მეორე ნახევრიდან შესაძლებელი იქნება რისკ-ჯგუფებში შემავალი პირების ვაქცინაცია. როდესაც სეზონურ ვირუსებზე ვსაუბრობთ, ჩვენი მხრიდან აქცენტი კეთდება გრიპზე, რომელიც წარმოადგენს ყველაზე მძიმედ მიმდინარე, გართულებების რისკის მქონე ვირუსს. ყოველ წელს ფიქსირდება გრიპით გარდაცვალების მაჩვენებელი“, – აღნიშნა ჩხაიძემ.
ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველომ ნიდერლანდური კომპანია Abbott Biologicals B.V.-ს წარმოების 200 ათასი დოზა ოთხკომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა. ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში.
გარკვეული გამონაკლისების გარდა, სეზონური გრიპის წინააღმდეგ ვაქცინაციის გაკეთება ნებაყოფლობითია.
გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასოდ ჩაუტარდება რისკ-ჯგუფებში შემავალ კატეგორიებს: დიაბეტის მქონე პირები, დიალიზზე მყოფი პირები, C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი), აივ-ინფექცია/შიდსის მქონე პირები, ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები.
ასევე სხვა პრიორიტეტული ჯგუფებია: ბავშვთა (მათ შორის მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი; ორსულები; 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები; ჯანდაცვის სამინისტროსა და მის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლები.
საქართველოში ყველაზე ხშირად გრიპის B ტიპის ვირუსი ფიქსირდება, რომელიც ხასიათდება კლინიკურად შედარებით მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით. ასევე გვხვდება A ტიპის – H3 და H1 ვირუსები, აგრეთვე რინოვირუსები.