აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოში ჩამოვიდა - მმართველი პარტიის რეაქცია

თბილისს ამერიკელ დიპლომატთან ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი აქვს.
Sputnik
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, ამიტომ მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში" აშშ-ის ახალ ელჩთან რობინ დანიგანთან თანამშრომლობის პოზიტიური სურვილი და მოლოდინია, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან მიხეილ სარჯველაძემ.
საქართველოში ჩამოვიდა აშშ-ის ახალი ელჩი რობინ დანიგანი, რომელმაც ამ თანამდებობაზე კელი დეგნანი შეცვალა. ინფორმაცია ახალი ელჩის ფოტოთი ამერიკულმა დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„საქართველოს აშშ-თან ურთიერთობა სტრატეგიული მნიშვნელობისაა. განსაკუთრებული როლი აქვს ამ ყველაფერში დიპლომატიურ წარმომადგენლობებს როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლობას შეერთებულ შტატებში. ამიტომ თანამშრომლობის სურვილიც და მოლოდინიც გვაქვს პოზიტიური", – განუცხადა ჟურნალისტებს სარჯველაძემ.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რობინ დანიგანის კანდიდატურა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე 2023 წლის 14 იანვარს წამოაყენა. აშშ-ის სენატმა დანიგანი, როგორც საქართველოში ახალი ელჩი, 2023 წლის ივლისის ბოლოს დაამტკიცა.
კარიერული დიპლომატი რობინ დანიგანი დამტკიცებამდე ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მანამდე კი ავსტრიაში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილე იყო.
დანიგანი ასევე მუშაობდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილედ სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგეტიკული რესურსების ბიუროში.
რა იმედებს ამყარებს „ქართული ოცნება“ აშშ-ის ახალ ელჩთან დაკავშირებით>>
იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა ავსტრიის, ვიეტნამის, ჩილეს, თურქეთის, კუბისა და სალვადორის საელჩოებში.
რობინ დანიგანი საქართველოში ამერიკის ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანს ჩაანაცვლებს, რომელიც ამერიკის დიპლომატიურ მისიას 2019 წლის ბოლოს ჩაუდგა სათავეში.
კელი დეგნანი საქართველოში ელჩად დანიშვნამდე იყო ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურის პოლიტიკური მრჩეველი. მანამდე კი ხელმძღვანელობდა აშშ-ის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს კოსოვოსა და იტალიაში.
სკანდალები საქართველოში
კელი დეგნანის დიპლომატიური საქმიანობა საქართველოში არაერთ სკანდალს უკავშირდება. მათი უმრავლესობის წარმოშობა ასოცირდება ახალ საზოგადოებრივ მოძრაობა "ხალხის ძალასთან", რომელიც 2022 წლის აგვისტოში შეიქმნა.
ახალი მოძრაობა დაკომპლექტდა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ყოფილი დეპუტატებით. მოძრაობის დამფუძნებლები არიან სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი.
სიხარული ნაადრევია: აშშ-ის ახალი ელჩი „გლობალური ომის პარტიიდანაა“ - „ხალხის ძალა“>>
„ხალხის ძალამ" საქმიანობა აშშ-ის ელჩის მისამართით კრიტიკული წერილებითა და განცხადებებით დაიწყო. პირველი გახმაურებული ბრალდება ჯერ კიდევ 2022 წლის ივლისში მოძრაობის ოფიციალურად შექმნამდე იქნა წაყენებული – საუბარი იყო ზეწოლაზე „ქართული ოცნების" დამფუძნებელზე, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილზე კელი დეგნანის მხრიდან.
„ხალხის ძალის" ლიდერების თქმით, უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ ელჩი ივანიშვილს შეხვდა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა მოსთხოვა.
დეგნანმა უარყო ბრალდებები და განაცხადა, რომ ივანიშვილს დიდი ხანია არ შეხვედრია.
საპასუხოდ ივანიშვილმა ხანგრძლივი დუმილი დაარღვია. მან დაადასტურა, რომ უკრაინაში მოვლენების დაწყების შემდეგ აშშ-ის ელჩს შეხვდა და რომ გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობენ.
ამის შემდეგ დეგნანის მისამართით ახალი ბრალდებები გახმოვანდა – ამჯერად მოსამართლე ლაშა ჩხარტიშვილზე ზეწოლის შესახებ, რომელმაც ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი ნიკი გვარამია გაასამართლა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განმარტა, რატომ არ მივიდა აშშ-ის საელჩოში მიღებაზე>>
დეგნანთან დაკავშირებული ბოლო სკანდალი ეხება მის ინტერვიუს უცხოურ მედიასაშუალებასთან, სადაც ელჩი საქართველოში დანერგილი ელექტრონული საარჩევნო სისტემის საკითხს შეეხო.
მისი თქმით, შეერთებულ შტატებში პრაქტიკამ აჩვენა, რომ სისტემა არ იძლევა გარანტიას, რომ ყველაფერი „სუფთა და სამართლიანი" იქნება; სისტემით მანიპულირება ასევე შესაძლებელია, თუ ადამიანებს არ ესმით, როგორ მუშაობს ის.
დეგნანის განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ გააკრიტიკა და დიპლომატს მავნებელი უწოდა. ზარქუას თქმით, დეგნანი ვერ შედგა როგორც ელჩი, ხოლო თანამდებობაზე ყოფნისას არ გაითვალისწინა, რომ არა პარტიის, არამედ სახელმწიფოს წარმომადგენელი იყო.