თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2021 წელს მოკლული ნიკოლოზ (ნიკო) კვარაცხელია (სიკვდილის შემდეგ) ღირსების მედლით დააჯილდოვა, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
მედალი ნიკო კვარაცხელიას დედას, იზა ომაძეს გადაეცა.
ნიკო კვარაცხელია დაჯილდოვდა მაღალი ტექნოლოგიების სფეროს განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის, პირველი ქართული სოციალური პლატფორმა „ფიდსის“ შექმნისათვის, ახალგაზრდების ეკონომიკური და სოციალური აქტივობების განსაკუთრებული მხარდაჭერისა და საერთაშორისო დონეზე საქართველოს პოპულარიზაციისათვის.
„ეს ჯილდო იმ ახალგაზრდის ხსოვნას ეძღვნება, რომელმაც ასეთ მოკლე დროში ძალიან ბევრი შეძლო და ძალიან ბევრი დაუტოვა თავის მეგობრებს, ოჯახს და ამ თაობას. რადგან სწორედ ასეთი მაგალითებია ის, რითიც ჩვენ ვიზრდებით... პარადოქსია, რომ ზოგჯერ სწორედ გარდაცვალება მოიცავს ამ უზარმაზარ სიცოცხლის უნარს. ალბათ ჩვენი ქვეყნის ისტორია სწორედ ამაშია, რომ ყველაზე დიდი ტრაგედიების შემდეგ იწყება ახალი ეტაპი, ახალი ძალა, ახალი ენერგია; ასე რომ არა, დღეს აქ არ ვიქნებოდით, დღემდე არ მოვიდოდით“, – განაცხადა პრეზიდენტმა დაჯილდოების ცერემონიაზე.
ქართული ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის შემქმნელი ნიკო კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს მოკლეს. 22 წლის კვარაცხელიას ათზე მეტი ტყვია ესროლეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის აპრილის შუა რიცხვებში აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დამნაშავედ ცნო ნიკო კვარაცხელიას განზრახ ჯგუფურ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში. ჭელიძეს 17 წლით, ხოლო კავილაძეს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
ნიკო კვარაცხელიას დედის ვერსიით, ეს შეკვეთილი მკვლელობა იყო. მედიის ვერსიით, წლების წინ ნიკა კვარაცხელიას მამამ, ე.წ. კანონიერმა ქურდმა გია კვარაცხელიამ სხვა „კანონიერი ქურდი“ დათო ტბილისკი ააფეთქა, რომლის შვილებმა დავით და გუგა კაკულიებმა ნიკა კვარაცხელიას მკვლელობით შური იძიეს.
წყარო - პრეზიდენტის ადმინისტრაცია