ისრაელში საქართველოს ელჩმა ფრენების გაუქმების შესახებ ინფორმაცია უარყო

Sputnik
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. ისრაელიდან საქართველოში ფრენების გაუქმების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, განაცხადა ისრაელში საქართველოს ელჩმა ლაშა ჟვანიამ, რომელმაც საზოგადოებას თხოვნით მიმართა, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან.
მისი თქმით, პირიქით, 11 და 12 ოქტომბერს დამატებითი ავიარეისებია დანიშნული, აუცილებლობის შემთხვევაში კი რეისი დაემატება 13 ოქტომბერსაც.

„ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს უკვე დაგეგმილი რეისები გაუქმდა, სიცრუეა. მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავონ არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებისგან, ეს იწვევს პანიკას ჩვენს მოქალაქეებში", – განაცხადა ჟვანიამ.

10 ოქტომბერს როგორც ისრაელის, ისე საქართველოს ავიახაზებმა ორი რეისი შეასრულეს.
ჟვანიამ ისრაელში შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღის მანძილზე შედარებით სტაბილური ვითარება იყო.
„ისრაელმა, ფაქტობრივად, კონტროლი დაამყარა თითქმის მთელ ტერიტორიაზე, მიუხედავად ამისა, მაინც გრძელდებოდა საჰაერო თავდასხმები. თუმცა ისრაელის საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობამ, რომელსაც „რკინის გუმბათს" ეძახიან, მოიგერია თავდასხმების აბსოლუტური უმრავლესობა", – აღნიშნა ჟვანიამ.
რატომ ვერ დაიცვა ისრაელმა საზღვარი: დასახელდა ოთხი მიზეზი>>>
7 ოქტომბრის დილით „ჰამასმა" ისრაელის წინააღმდეგ უპრეცედენტო მასშტაბის სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ისრაელის არმიის პრეს-სამსახურის ცნობით, პალესტინიდან 3 ათასზე მეტი რაკეტა იყო გაშვებული. მასიური სარაკეტო თავდასხმების შემდეგ „ჰამასის" მებრძოლებმა ღაზის სექტორიდან ისრაელის სამხრეთით სასაზღვრო რაიონებში შეაღწიეს.
პალესტინის მოძრაობა „ჰამასის" სამხედრო ფრთამ ისრაელის წინააღმდეგ დაიწყო ოპერაცია „ალ-აქსას წარღვნა" და განაცხადა, რომ მან ღაზის სექტორიდან 5000 რაკეტა გაისროლა. საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ღაზის სექტორში კონტრტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლები" წამოიწყეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ერისადმი მიმართვისას ომი ოფიციალურად გამოაცხადა და რეზერვის ფართო მობილიზაცია ბრძანა.
ბოლო მონაცემებით, ესკალაციის შედეგად დაიღუპა ისრაელის 1,2 ათასი მოქალაქე და 900 პალესტინელი.
ისრაელში საქართველოს საელჩო საგანგებო რეჟიმში მუშაობს. საელჩო მზადყოფნას გამოთქვამს, აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეები თავშესაფრითა და სხვადასხვა საჭირო ნივთებით.