ვიქტორია ნიკიფოროვა
ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის დროს იარაღის შთამბეჭდავი ასორტიმენტი იყო წარმოჩენილი − ავტომატები და ნახევარავტომატები, ყუმბარმტყორცნები, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები და მრავალგვარი დრონები. სამ დღეში 5 ათასი რაკეტა გაუშვეს ისრაელის მიმართულებით. უნებურად ჩნდება კითხვა – საიდან ამდენი იარაღი?
დონალდ ტრამპის შვილმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ პალესტინელების ავტომატები ახლო აღმოსავლეთისთვის ტრადიციულ კალაშნიკოვებს კი არ ჰგავს, არამედ ამერიკულ M4-ებს. რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მარჯორი ტეილორ გრინმა პენტაგონისგან მოითხოვა, სასწრაფოდ გამოიძიოს, თუ როგორ გაჩნდა „ჰამასის“ ხელში ამერიკული იარაღი.
„ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ისრაელთან, რათა „ჰამასის“ მიერ ისრაელის წინააღმდეგ გამოყენებული ნებისმიერი ამერიკული იარაღის სერიული ნომრები მოვიკვლიოთ. ავღანეთიდან შეიტანეს? უკრაინიდან გავიდა? დიდი ალბათობით, ერთიდანაც და მეორიდანაც“, − დაწერა მან „ტვიტერზე“.
გამოძიება, რა თქმა უნდა, საჭიროა − საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა შეისწავლონ კავშირები უკრაინელ იარაღის ბარონებსა და მათ ამერიკელ მიმწოდებლებს შორის. მაგრამ ეს ყველაფერი ხომ არსებითად პოლიშინელის საიდუმლოა. ავღანეთიდან გაქცევისას ამერიკელებმა მილიარდობით დოლარის ღირებულების იარაღი, მათ შორის ტანკები და ვერტმფრენები მიატოვეს. 2021 წლიდან ეს ყველაფერი რეგიონის მასშტაბით გავრცელდება. დენთის კასრთან, სახელწოდებით „ახლო აღმოსავლეთი“, თითქოს განზრახ მიიტანეს ფითილი.
უკვე მაშინ, რუსეთის სამხედრო სპეცოპერაციის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე ამერიკელებმა უკონტროლოდ შეიტანეს იარაღი უკრაინაში, რითაც საბოლოოდ იარაღის უკანონო ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის უდიდესი ჰაბი შექმნეს. შავი ზღვიდან ხმელთაშუა ზღვამდე მანძილი მოკლეა − და ახლა ამ იარაღს ახლო აღმოსავლეთში იყენებენ.
ეს ყველაფერი კარგად ესმოდათ თავად ისრაელში და შეშფოთებას ამერიკელ მეგობრებსაც უზიარებდნენ. ივნისში „ცაჰალის“ ოფიცერმა, რომელმაც „თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე“ ანონიმად დარჩენა ისურვა, ინტერვიუ მისცა Newsweek-ის ჟურნალისტებს.
„იარაღის კონტრაბანდაში ჩართვისკენ პროუკრაინულ დანაყოფებს სიხარბემ უბიძგა, − აღნიშნა ისრაელელმა სამხედრომ. − ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ იმით, რომ მთელი ეს იარაღი შეიძლება „ჰესბოლას“ და „ჰამასის“ ხელში მოხვდეს“.
ეს ყველაფერი უკიდურესად ულამაზოდ გამოიყურება. გამოდის, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია, მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა, ახლო აღმოსავლეთში თავისი უახლოესი და უერთგულესი მოკავშირის უსაფრთხოებას აფურთხებს. ამერიკული იარაღიდან, რომელიც ღაზის სექტორში ჩახლართული გზებით მოხვდა, ახლახან უამრავი ებრაელი სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე, ქალები და ბავშვები დახოცეს. მათი სისხლი ჯო ბაიდენის სიბერით გამომშრალ ხელებზეა. თუ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ, ეს ღალატია.
რესპუბლიკელები უკვე იყენებენ ამას კოზირად წინასაარჩევნო ბრძოლაში, რაც, რაღა თქმა უნდა, ცინიკურად გამოიყურება. მსხვერპლთა ცხედრები ჯერ არ გაცივებულა, მაგრამ მათით პოლიტიკური ქულებს უკვე იწერენ.
დემოკრატები თავის გამართლებას ცდილობენ. მათ მაშინვე იპოვეს ამაში ირანული კვალი და იმავდროულად რუსეთსაც დასდეს ბრალი, თითქოს ეს რუსმა სამხედროებმა გადასცეს თეირანს ნაალაფარი ამერიკული იარაღი, მან კი, თავის მხრივ, „ჰამასის“ მებრძოლებს გადაუგზავნა.
თუმცა ირანმა ოფიციალურად განაცხადა, რომ არანაირ მხარდაჭერას არ უწევს პალესტინურ დაჯგუფებას. ასევე გაუგებარია, რატომ უნდა გადასცენ რუსმა სამხედროებმა იარაღი სხვას, როცა თავად სპეცოპერაციის აქტიურ ფაზაში არიან და ეს იარაღი თავად სჭირდებათ. ბუნებრივია, „პარტნიორები" ვერანაირ მტკიცებულებას ვერ დებენ, მხოლოდ highly likely („დიდი ალბათობით“).
თავად შეერთებულ შტატებში ნამდვილად არავის სჯერა ირანული კვალისა, სამაგიეროდ ყველა ხედავს დემოკრატების ღალატს და თეთრ სახლს ყველა უბედურებაში ადანაშაულებენ.
„ბაიდენმა უღალატა ისრაელს. უბრალოდ არ მესმის, როგორ შეუძლიათ დღეს დემოკრატებს ხმა მისცენ ებრაელებმა, ან მათ, ვისაც ისრაელი უყვარს“, − ამბობს დონალდ ტრამპი.
ისრაელის უნიკალური მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში განპირობებული იყო იმით, რომ მის ზურგს უკან გამუდმებით ილანდებოდა უფროსი ძმა − შეერთებული შტატები. როგორც უბანში ეუბნებიან ხოლმე ხულიგნებს, ახლავე ჩემს ძმას დავურეკავ, მოვა და ყველას სეირს გიჩვენებთო. მაგრამ ახლა ამ დიდი ხნის გამოცდილ სქემაში რაღაც ისე არ წავიდა. ძმა არათუ არ მოვიდა, არამედ ხულიგნებთან საერთო ენაც კი გამონახა.
ევროპელებს უჯობთ, კარგად დააკვირდნენ ამ ქეისს. ჯერჯერობით საკუთარ თავს არწმუნებენ, რომ ყველაფერში რუსეთია დამნაშავე, თუნდაც პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის გამწვავებაში. მაგრამ ჩვენ უკვე მიჩვეული ვართ ამას.
იცით, რით ამტკიცებენ „ჰამასის“ შეტევასთან რუსეთის კავშირს? ყველაფერი ხომ 7 ოქტომბერს დაიწყო − ვლადიმირ პუტინის დაბადების დღესო. ხომ გენიალურია? არა უშავს, რომ ეს „განკითხვის დღის“ 50-ე წლისთავზე მოხდა, ომისა, რომელიც მოუშუშებელ ჭრილობად იქცა როგორც პალესტინელების, ისე ისრაელელებისთვის. მთავარია, რუსული კვალი მოძებნონ.
მაგრამ სერიოზულად თუ ვიტყვით, უკრაინიდან დასავლეთ ევროპაში იარაღის კონტრაბანდული გადატანა კიდევ უფრო ადვილია, ვიდრე ახლო აღმოსავლეთში. მას ბევრი მომხმარებელი ჰყავს − რადიკალი ისლამისტები, რადიკალი ნეოფაშისტები და უბრალოდ კრიმინალური ბანდები, რომლებიც სიხარულით იღებენ სარგებელს ნებისმიერი სამოქალაქო კონფლიქტიდან.
ევროკავშირის გაღატაკება სოციალური სახელმწიფოს განადგურებას იწვევს. შეღავათები, რომლის გამოც მილიონობით მიგრანტი მიემგზავრებოდა ევროპაში, შეიძლება ერთ დღეს გაუქმდეს ან გაუფასურდეს. და რას იზამს მაშინ ამ ხალხის ბრბო, რომელსაც ცოლ-შვილის გამოსაკვებად არაფერი ექნება? როგორც წესი, ევროპაში მასობრივ საპროტესტო აქციებს ძალოვნები საჩვენებელი სისასტიკით შლიან. მაგრამ რა მოხდება, თუ პროტესტანტებს ამჯერად ცეცხლსასროლი იარაღი ექნებათ?
ევროპელებს სიმართლისთვის თვალის გასწორებისა ეშინიათ: კონტრაბანდული ამერიკული იარაღი შესაძლოა მათ ტერიტორიაზე აღმოჩნდეს, ხოლო იარაღი, რომელიც პირველ აქტში ჩნდება, ყოველთვის ისვრის მესამე აქტში. და ეს ГРУ-ში არ მოუგონით, ეს რუსმა კლასიკოსმა თქვა.
ევროპაში სრულმასშტაბიანი სამოქალაქო კონფლიქტის შემთხვევაში შეერთებული შტატები სიამოვნებით მიაწვდის იარაღს ყველა მხარეს, მაგრამ კანონიერი მთავრობების დასაცავად ჩარევას არცკი იფიქრებს.
უმაღლესი სამართლიანობა იქნება, თუ რუსების დასახოცად მიწოდებული დასავლური იარაღი პატრონებს შეუბრუნდება და მათ წინააღმდეგ მოიმართება. ვაშინგტონში კი ისეთ სახეს მიიღებენ, თითქოს არაფერი ხდება. მათ მოკავშირეებთან კომუნიკაციის ასეთი სტილი აქვთ: არაფერი პირადი, მხოლოდ ბიზნესი. ისრაელი კი მოყუების სა შუალებას არავის მისცემს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე