თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე სამსახურებრივი გულგრილობისთვის დაწესებულების ინსპექტორ-კონტროლიორი ამხილეს. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
როგორც საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 2023 წლის 1 აგვისტოს №10 პენიტენციურ დაწესებულებაში უმეთვალყურეოდ დარჩენილმა პატიმარმა სააბაზანოში შეტანილი ზონრის გამოყენებით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
„ინსპექტორ-კონტროლიორმა, რომელსაც პატიმრის სათანადო მეთვალყურეობა ევალებოდა, არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა და არ გადაამოწმა საკნის სააბაზანო ოთახში მყოფი მსჯავრდებული", – აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ცნობით, საქმეზე გამოიკითხა 35 პირი, სამსახურმა დაათვალიერა №10 პენიტენციური დაწესებულება და შემთხვევის ადგილი, საიდანაც ნივთიერი მტკიცებულებები ამოიღეს, ჩატარდა კომპლექსური ქიმიური, ბიოლოგიური, სასამართლო-სამედიცინო, მიკრონაწილაკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზები, ასევე შესწავლილ იქნა ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები.
პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს პროკურატურამ ბრალი სამსახურებრივი გულგრილობისთვის წარუდგინა საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლით. მას ორიდან ხუთ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.