თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. შენობას, რომლის კედელიც გუშინ ძლიერი ქარის შედეგად ჩამოინგრა, დემონტაჟი ჩაუტარდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
ძლიერმა ქარმა თბილისში სერიოზული პრობლემები შექმნა – მოგლიჯა ხეები, ჩამოანგრია კედელი, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები. მარიჯანის ქუჩაზე კედელი ჩამოინგრა, რის გამოც რამდენიმე ავტომობილი დაზიანდა.
„არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს ეს იყო მშენებარე ობიექტი. სინამდვილეში ეს არის კომპანია „ცენტრ პოინტის" ობიექტი, სადაც მრავალი წლის წინ დაიწყო სამშენებლო სამუშაოები, მაგრამ მშენებლობა არ დასრულებულა და იქ მოსახლეობა არასდროს შესახლებულა. აღნიშნული პრობლემის მოგვარება დაწყებულია. უნდა მოხდეს შენობის დემონტაჟი", – განაცხადა კალაძემ.
გუშინ ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ვაკესა და საბურთალოს რაიონებში. მერის თქმით, დაფიქსირდა ხეების მოგლეჯის ფაქტები, რის გამოც კონკრეტულ ქუჩებზე დროებით შეიზღუდა ტრანსპორტის გადაადგილება, დაზიანდა ავტომობილები.
ამ დროისათვის დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
მერიაში მოქმედებს „ცხელი ხაზი": 272-22-22.