თბილისი, 10 ოქტომბერი – Sputnik. რეჟისორმა ლევან წულაძემ მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა, ნათქვამია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ლევან წულაძემ სამინისტროს თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებით მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს მიმართა.
ლევან წულაძის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანება დღეს, 10 ოქტომბერს გამოიცა.
„მან მარჯანიშვილის თეატრს 18 წლის განმავლობაში უხელმძღვანელა და არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია როგორც ქვეყანაში, ასევე საზღვარგარეთ. კულტურის სამინისტრო მადლობას უხდის ლევან წულაძეს მრავალწლიანი აქტიური შემოქმედებითი საქმიანობისთვის და კვლავაც დიდ წარმატებებს უსურვებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლევან წულაძემ ახალი, დამოუკიდებელი თეატრალური სივრცე დააარსა, სახელწოდებით - „თეატრი სახელოსნო 42“.
ლევან წულაძე თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად უფლებამოსილების ახალი, ოთხწლიანი ვადით 2022 წლის 6 მარტიდან დაინიშნა.