თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. საქართველო პრაქტიკულად ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც სომხეთი და აზერბაიჯანი სრულად ენდობიან, რაც იმ პოლიტიკის შედეგია, რომელსაც ქვეყანა მეზობლების მიმართ ატარებს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან თბილისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველო მზად არის თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობის დამყარებაში და მოირგოს შუამავლის როლი. ალიევმა კი, თავის მხრივ, გამოხატა მზადყოფნა საქართველოში ორმხრივი და სამმხრივი შეხვედრებისთვის, როგორც კი ერევანი მათზე თანხმობას განაცხადებს.
„საქართველო ლამის ერთადერთი ქვეყანაა, რომლის მიმართაც როგორც სომხეთს, ასევე აზერბაიჯანს სრული ნდობა აქვთ. ჩვენი განსაკუთრებულობა სწორედ იმ პოლიტიკიდან გამომდინარეა, რასაც წლების განმავლობაში საქართველო მეზობლების მიმართ ატარებს. ეს ნდობა არის, რასაც ჩვენს მეგობრებს სომხეთსა და აზერბაიჯანში ვთავაზობდით, რათა საერთო რეგიონული ნდობა ჩამოყალიბდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველოს ამის კარგი გამოცდილება აქვს – საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით შეთანხმების ჩათვლით.
2021 წლის ივნისის შუა რიცხვებში ქართული მხარის შუამავლობით აზერბაიჯანმა სომხეთს 15 სამხედრო ტყვე გადასცა დანაღმული ველების რუკების სანაცვლოდ. მოგვიანებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად „მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის“ შექმნის წინადადებით გამოვიდა.
„ეს კარგი გამოცდილება გამოსაყენებელია, მათ შორის, ჩვენს უცხოელ კოლეგებსაც ყოველთვის ვთავაზობთ, რომ გამოიყენონ საქართველო, როგორც შუამავალი. ჩვენ სხვა ქვეყნებისგან გაძლიერება გვჭირდება იმისთვის, რომ ეს როლი ეფექტიანად შესრულდეს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
პარლამენტის სპიკერის თქმით, მაღალი დონის ვიზიტების დინამიკის მზარდი ტენდენცია აჩვენებს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა არსებობს არა მხოლოდ ქაღალდზე, არამედ ეს არის, რაზეც ქვეყნები ყოველდღე მუშაობენ.
„ეს განსაკუთრებული პატივისცემა, რომელიც არსებობს ხელისუფლებებს შორის, განსაკუთრებული მიღწევაა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოების, ლოგისტიკის და სხვა სფეროებში.
აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ქვეყნები ერთობლივად ახორციელებენ ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებს, როგორებიცაა ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზა, გაზსადენი TANAP, ბაქო–ჯეიჰანის და ბაქო–სუფსის ნავთობსადენები.
დღეს აზერბაიჯანი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში შედის. 2023 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 980 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის რვა თვის მონაცემებს 15,3%-ით აღემატება.