ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ილჰამ ალიევის ვიზიტი შეაჯამა

ქვეყნები ვაჭრობისა და ენერგეტიკის სფეროებში პოტენციურ ერთობლივ პროექტებს საზღვრავენ.
Sputnik
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო და აზერბაიჯანი კონცენტრირებული არიან კავშირების განმტკიცებასა და ეკონომიკური ზრდის გაძლიერებაზე, დაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი „ტვიტერი").
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად საქართველოს სამუშაო ვიზიტით კვირას, 8 ოქტომბერს ეწვია. ვიზიტის დროს გაიმართა ალიევისა და საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა.

„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან. საქართველო და აზერბაიჯანი კონცენტრირებული არიან კავშირების განმტკიცებასა და ეკონომიკური ზრდის გაძლიერებაზე. ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ ვახდენთ პოტენციური ერთობლივი პროექტების გამოვლენას ვაჭრობის, ენერგეტიკის, მდგრადი და ინფრასტრუქტურული განვითარების სფეროებში", – დაწერა ღარიბაშვილმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მან კიდევ ერთხელ დაუდასტურა ილჰამ ალიევს საქართველოს მხარდაჭერა რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართულებით.
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოების, ლოგისტიკის და სხვა სფეროებში.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკა ქვეყნის მოსახლეობის სტაბილურობის გარანტიაა - ალიევი>>
აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ქვეყნები ერთობლივად ახორციელებენ ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებს, როგორებიცაა ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზა, გაზსადენი TANAP, ბაქო–ჯეიჰანის და ბაქო–სუფსის ნავთობსადენები.
დღეს აზერბაიჯანი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში შედის. 2023 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 980 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის რვა თვის მონაცემებს 15,3%-ით აღემატება.