„ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებისთვის ახალ ოპოზიციურ ალიანსს არ გამორიცხავს

Sputnik
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს ორი ოპოზიციური პარტიის – ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის „ლელო საქართველოსთვის“ და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ გაერთიანებას.
2024 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე გახარიასა და ხაზარაძის პარტიებს შორის შესაძლო ალიანსზე ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაიწყო საუბარი. თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, 2024 წლის არჩევნებში წარმატების ფორმულა არის პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას და „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის თანამშრომლობა, რომელიც შექმნის სიმძიმის ცენტრს სხვა პარტიებისა და პოლიტიკოსებისთვის.

„მიუხედავად იმისა, რომ ხაზარაძე გახარიას უწოდებდა თვალთხარიას, გახარია ხაზარაძეს კი თაღლითს, მათ ალიანსს არანაირად არ გამოვრიცხავდი, რადგანაც მათ არავითარი პრინციპები არ აქვთ და კიდევ ერთხელ: ისინი არიან აგენტურა“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ორივე პოლიტიკოსი გააკეთებს იმას, რასაც მათ უფროსი დაავალებს.
„საკმაოდ რეალურია ის, რომ ეს ორი სუბიექტი – გახარია და ხაზარაძე გაერთიანდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ასეთი ეპითეტებით ამკობდნენ ერთმანეთს მთელი ამ დროის განმავლობაში“, – განაცხადა კობახიძემ.
„გახარია თვალთხარია“
საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ბევრი ოპოზიციონერი ამ დრომდე ადანაშაულებს 2019 წლის 21 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს თბილისში, პარლამენტის შენობასთან გამართული აქციის სასტიკად დარბევაში. საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია აქციის ორმა მონაწილემ – მაკო გომურმა, რომელმაც თვალი დაკარგა და ზაზა ბერიაშვილმა, რომელმაც სახეში რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად მხედველობა დაკარგა.
გახარიას პარტია შეიძლება „ლელოსთან" გაერთიანდეს?>>>
2019 წლის ივნისში თბილისში საპროტესტო აქციის მიზეზი საქართველოს პარლამენტში გამართული მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის 26-ე გენერალური სხდომა გახდა. სესია რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა, რამაც პროტესტი გამოიწვია და რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო დაძაბა.
პარლამენტის შენობასთან 20 ივნისს ანტისამთავრობო აქცია არეულობაში გადაიზარდა. პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. იმ ღამეს დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი, 40-მდე ჟურნალისტი.
გახარიას თქმით, რომელსაც იმ დროს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა, პოლიციამ იმ ღამეს ქვეყანა დიდი საფრთხისგან იხსნა, ხოლო გამოყენებული ტყვიები შეესაბამებოდა საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო სტანდარტებს.
ხაზარაძის საქმის დეტალები
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, ასევე ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის მიერ ფულის გათეთრების საქმეზე გამოძიება სამი წელი გაგრძელდა. ბრალდებულები დაჟინებით ამტკიცებდნენ, რომ ფულის გათეთრება არ ყოფილა და მათ პოლიტიკური მოტივებით დევნიდნენ.
ხუმრობა იყო - „ქართულმა ოცნებამ“ აქციების შესახებ კანონთან დაკავშირებით პოზიცია განმარტა>>>
საქმის მასალების თანახმად, 2008 წლის აპრილსა და მაისში ავთანდილ წერეთლის მიერ დაფუძნებულმა შპს „სამგორი თრეიდმა" და შპს „სამგორი M"-მა, თითქოსდა კომპანიების საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით, „თიბისი ბანკისგან" სესხის სახით მიიღეს 16.664.000 აშშ დოლარი. იმავე დღეს აღნიშნული თანხა სრულად გადაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად საბანკო ანგარიშებზე, მიუხედავად იმისა, რომ სესხი თითქოსდა ბიზნესის ბრუნვისთვის იყო მოთხოვნილი.
2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში კომპანიებს „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდს" სესხის გადახდის ვადა გაეზარდათ ერთი წლით ისე, რომ სესხის დაფარვაც კი არ იყო დაწყებული. ხოლო 2008 წლის 31 დეკემბერს, სესხის გადახდის ვალდებულების დადგომამდე, „თიბისი ბანკმა" სესხს მიანიჭა უიმედო კრედიტის კლასიფიკაცია, შემდეგ კი უსაფუძვლოდ ჩამოწერა იგი და გადაიტანა შიდა ბალანსზე.
მილიონების დაბრუნება საკუთარ თავზე აიღო კომპანიამ, რომელიც ერთი თვით ადრე დარეგისტრირდა ოფშორულ ზონაში და რომელსაც არანაირი ფინანსური აქტივი არ გააჩნდა საქართველოში. ამ კომპანიამ მიიღო უფლება, მოეთხოვა ფული ხაზარაძისა და ჯაფარიძისგან.
კომპანიებს „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდს“ კრედიტი ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის იანვარში ხაზარაძე და ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობაში, ხოლო წერეთელი – თანამონაწილეობაში. სამივეს 7–7 წლით პატიმრობა შეეფარდა. თუმცა ისინი, საქმის ხანდაზმულობიდან გამომდინარე, საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლდნენ. საქმე ეხება 2008 წლის ტრანზაქციებს.