თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ში უარყვეს გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს კომპანიამ ფასები გაზარდა ისრაელიდან საქართველოს რეისის ბილეთებზე. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.
როგორც კომპანიაში აღნიშნეს, სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია თელ-ავივი–თბილისის მიმართულებით ბილეთების ტარიფებთან დაკავშირებით. სოციალური ქსელის ზოგიერთმა მომხმარებელმა დაწერა, რომ ტარიფი 300 ლარიდან 2.097 ლარამდე გაიზარდა.
„უახლოეს რეისებზე ეკონომ-კლასის ყველა ბილეთი გაყიდულია და ზოგიერთ რეისზე დარჩენილია მხოლოდ ბიზნეს-კლასის ბილეთები, რომლის ღირებულებაც არასდროს ყოფილა 300 ლარი", – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანიას ბილეთების ფიქსირებული ფასები არა აქვს და ბოლო დროს ფასები არ გაზრდილა არცერთი მიმართულებით.
„ყველა რეისზე სხვადასხვა ფასია, დატვირთვიდან გამომდინარე. ერთი დღით ადრე ბილეთის ყიდვისას, შესაძლოა, არა იაფიანი, არამედ საერთოდ აღარ იყოს ბილეთი, ამიტომ გთხოვთ, წინასწარ დაიჭიროთ თადარიგი", – ნათქვამია განცხადებაში.
ოფიციალური ინფორმაციით, ისრაელში საქართველოს 120 ათასი მოქალაქე ცხოვრობს. ისრაელში საქართველოს საელჩო საგანგებო რეჟიმში მუშაობს. საელჩო მზადყოფნას გამოთქვამს, აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეები თავშესაფრითა და სხვადასხვა საჭირო ნივთებით.
7 ოქტომბრის დილით „ჰამასმა" ისრაელის წინააღმდეგ უპრეცედენტო მასშტაბის სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ისრაელის არმიის პრეს-სამსახურის ცნობით, პალესტინიდან 3 ათასზე მეტი რაკეტა იყო გაშვებული. მასიური სარაკეტო თავდასხმების შემდეგ „ჰამასის" მებრძოლებმა ღაზის სექტორიდან ისრაელის სამხრეთით სასაზღვრო რაიონებში შეაღწიეს.
ამის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორში ჰამასის წინააღმდეგ ოპერაცია „რკინის ხმლები" დაიწყეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ერისადმი მიმართვისას ომი ოფიციალურად გამოაცხადა და რეზერვის ფართო მობილიზაცია ბრძანა.
ბოლო მონაცემებით, ღაზის სექტორში 490-ზე მეტი ადამიანია დაღუპული და 2.000-ზე მეტი დაჭრილი, ხოლო ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 700-ს გადააჭარბა. პალესტინელების ცნობით, მათ 130 ისრაელელი ჰყავთ მძევლად აყვანილი.