როცა ნოსტალგია გეძალება და გული ეროვნული სამოსის შექმნას გთხოვს

მისი ნაწარმის შემკვეთებს შორის უცხოელებიც არიან.
Sputnik
ჩვენი დღევანდელი მასალის გმირს ესკიზების ხატვა და ჭრა-კერვა ადრეული ასაკიდან ხიბლავს. ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში გერმანული ენისა და ლიტერატურის შესწავლის დროს მეორე ფაკულტეტად ქალის ტანსაცმლის დიზაინი აირჩია. შემდეგ ემიგრაციაში წავიდა. ცნობილია, უცხოეთში ადამიანს ყველაფერ მშობლიურის მონატრება ეძალება და ეს მის საქმიანობაზეც ირეკლება. დიზაინერ იანა გეგუჩაძის შემთხვევაშიც ასე მოხდა. უკვე წლებია ამერიკაში ცხოვრობს. მის მიერ შექმნილი ჩოხები, ყაბალახები, ნაციონალური სამოსი, სხვადასხვა აქსესუარები ბრენდ „იავნანას” - By Yana Geg სახელითაა ცნობილი.
იანა გეგუჩაძის ქალიშვილი
- იანა, ამერიკაში ჩასვლამდე სხვადასხვა სტუდიაში მუშაობის გამოცდილება გქონდათ, მათგან რომელს გამოარჩევდით?
- იმ სტუდიებიდან გამოვარჩევდი ბროდვეის თეატრალურ ტანსაცმელზე მუშაობის პერიოდს. როგორც წესი, ადამიანი, როგორც პროფესიონალი, ნებისმიერ კოლექტივში ვითარდება, ახალი იდეები კი შრომის პროცესში იბადება და იხვეწება. უკვე ბევრი წელია, რაც ნიუ-იორკის სხვადასხვა დიზაინ-კომპანიაში ვმუშაობ. ეს საქმე თავიდანვე მხიბლავდა. ადრეული ასაკიდან მივეჩვიე დედის საკაბეებს. როცა მას სამსახურში დავიგულებდი, წინასწარ დახატული ესკიზების მიხედვით ტანისამოსს დედის საკაბე ქსოვილებისგან ვჭრიდი და ვკერავდი.
იანა გეგუჩაძის დიზაინით შექმნილი სამოსი
- თქვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულება ქართული ეროვნული სამოსია...
- დიახ, გული ყოველთვის ეროვნული სამოსის შექმნას მთხოვს. ეროვნულ სამოსს როცა ირგებ, გრძნობ თუ „ვისი გორისა ხარ". ამას განსაკუთრებით ემიგრაციაში დაბადებული და გაზრდილი ჩემი ქალიშვილის მაგალითზე მივხვდი. ჩემთვის ყველაზე უჩვეულო და შთამბეჭდავი ის იყო, რომ ნაციონალური სამოსის პირველი „შეკვეთა“ დაახლოებით შვიდი წლის წინ ჩემი ქალიშვილისგან წამოვიდა. მაშინ მან სასკოლო ღონისძიებისთვის ქართული ეროვნული სამოსი მოითხოვა. ამ სამოსით ყურადღება მიიქცია და მოწონებაც დაიმსახურა. ამის შემდეგ სურვილი და მოთხოვნილება, რომ ქართულ ეროვნულ სამოსზე მემუშავა, უფრო გამიძლიერდა.
იანა გეგუჩაძის დიზაინით შექმნილი სამოსი
- ამასთან ეროვნულ სამოსს ახალი სიცოცხლე შთაბერეთ...
- ყოველთვის მინდოდა, რომ ქართული სამოსი მხოლოდ სამუზეუმო-საკონცერტო რეკვიზიტად არ დარჩენილიყო და მისი მორგება თანამედროვე ყოფაშიც ყოფილიყო შესაძლებელი. ამან გაამართლა კიდეც. სპეციალურად ქალბატონებისთვის შექმნილმა ჩემმა ჩოხებმა, ყაბალახებმა, ქისებმა და ფაფანაკებმა მოწონება დაიმსახურა არა მარტო ქართველ საზოგადოებაში, არამედ უცხოურ მომხმარებელთა შორისაც. ამან კიდევ უფრო გამახარა და სტიმული მომცა, რომ თანამედროვე სამოსთან ერთად ნაციონალური სამოსის თანამედროვე ვარიანტებიც შემექმნა.
იანა გეგუჩაძის დიზაინით შექმნილი აქსესუარები
- ამერიკაში ჩატარებულ ბევრ ღონისძიებაში გაქვთ მონაწილეობა მიღებული, რომელს გაიხსენებთ?
- სამი წლის წინ ფილადელფიაში ჩატარდა საღამო, რომლის ორგანიზატორი პოეტი ლელა ნინუა იყო. სხვა ქართველებთან ერთად მაშინ მეც მომეცა იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარი კოლექციის ნაწილი მეჩვენებინა და ამით იმ საღამოს წარმატებით ჩატარებაში საკუთარი წვლილი შემეტანა. იმ საღამოზე გაყიდული ჩემი ნამუშევრებიდან მიღებული თანხა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს გადავურიცხე. ის საღამო ქართული სულისკვეთებით იყო გაჟღენთილი, რადგან მასზე ქართული ლექსები და სიმღერები გაჟღერდა, ასევე წარმოდგენილი იყო ნაციონალური ცეკვებიც. ეს ყველაფერი საოცარ ნოსტალგიას იწვევდა.
იანა გეგუჩაძის დიზაინით შექმნილი სამოსი
- ალბათ ქართულ სამოსზე მუშაობა ერთგვარად თქვენი ნოსტალგიის შედეგიცაა, რა გენატრებათ ყველაზე ძალიან?
- ჩემთვის ყველა კაბა ძვირფასია და მიყვარს, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ეროვნულ სამოსში თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობ. ძალიან მენატრება სამშობლო და თითოეული ადამიანი, ვინც მოგონებებით მასთან მაკავშირებს. ამ სიყვარულს ემიგრაციაში უფრო აშკარად გრძნობ. მეამაყება ქართული ტრადიციები და კულტურა, ვამაყობ, რომ ქართველი ვარ!..
ნინო მამულაშვილი