თბილისი, 9 ოქტომბერი − Sputnik. ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 300 ათასი მებრძოლის მობილიზება შეძლო, განაცხადა „ცახალის“ წარმომადგენელმა, ბრიგადის გენერალმა დანიელ ჰაგარიმ.
„ამდენი რეზერვისტის ასე სწრაფად მობილიზება არასდროს მოგვიხდენია – 300.000 რეზერვისტი 48 საათში“, – აღნიშნა მან რადიო Kan-თან ინტერვიუში.
ჰაგარის თქმით, ისრაელის არმიას არც იარაღისა და არც საბრძოლო ტექნიკის პრობლემა არ აქვს.
გენერალი აზუსტებს, რომ „ცახალმა“ „ჰამასის“ ბოევიკების მიერ მანამდე დაკავებულ ყველა ტერიტორიაზე აღადგინა კონტროლი.
„ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ დასახლებებს. შესაძლოა, ტერორისტები ჯერ კიდევ არიან თავისუფლებაზე, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ, რომ ყველაფერი გავწმინდოთ მათგან“, − განაცხადა მან.
ამასთან, ჰაგარის განმარტებით, ბოლო საათებში ისრაელის ჯარებსა და პალესტინელებს შორის შეტაკებებს „ერთეული ხასიათი“ ჰქონდა, ამ დროისათვის კი საომარი მოქმედებები არცერთ ქალაქში აღარ მიმდინარეობს.
7 ოქტომბრის დილით „ჰამასმა“ ისრაელის წინააღმდეგ უპრეცედენტო მასშტაბის სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ისრაელის არმიის პრეს-სამსახურის ცნობით, პალესტინიდან 3 ათასზე მეტი რაკეტა იყო გაშვებული. მასიური სარაკეტო თავდასხმების შემდეგ „ჰამასის“ მებრძოლებმა ღაზის სექტორიდან ისრაელის სამხრეთით სასაზღვრო რაიონებში შეაღწიეს.
ამის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორში „ჰამასის“ წინააღმდეგ ოპერაცია „რკინის ხმლები“ დაიწყეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ერისადმი მიმართვისას ომი ოფიციალურად გამოაცხადა და რეზერვის ფართო მობილიზაცია ბრძანა.
ბოლო მონაცემებით, ღაზის სექტორში 430-ზე მეტი ადამიანია დაღუპული და 2.000-ზე მეტი დაჭრილი, ხოლო ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 700-ს გადააჭარბა. პალესტინელების ცნობით, მათ 130 ისრაელელი ჰყავთ მძევლად აყვანილი.