თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. საქართველო, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, თავდაჯერებულად ვითარდება, რაც ქვეყნის მოსახლეობის სტაბილურობის გარანტიაა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თბილისში საქართველოს მთავრობის მეთაურთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
ილჰამ ალიევი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად საქართველოს სამუშაო ვიზიტით 8 ოქტომბერს ეწვია.
„დიდი ენთუზიაზმია და დიდი სიამოვნებით ვხედავ ამ წინსვლას. პრემიერ-მინისტრის ლიდერობით საქართველო ვითარდება თავდაჯერებულად, სოციალურ-ეკონომიკური განვითარება აბსოლუტურად არის უზრუნველყოფილი და ეს არის ქვეყნის მოსახლეობის სტაბილურობის გარანტია“, - განაცხადა ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ხალხის ნდობა მთავრობის მიმართ არის პროგრესის მასაზრდოებელი წყარო.
„მთავრობის ნათელი ხედვა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდეს. ეს ჩვენ შესაძლებლობას გვაძლევს, განვავითაროთ ეკონომიკა, ინფრასტრუქტურული პროექტები და ასევე, კეთილდღეობა მოსახლეობისა, რომელიც იზრდება“, - აღნიშნა ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ღარიბაშვილს ყველა ეს მიღწევა როგორც საქართველოს მეგობარმა მიულოცა.
„მე, როგორც საქართველოს მეგობარს, მთელი გულით მიხარია და ვულოცავ ბატონ პრემიერს ყველა ამ მიღწევას. ჩვენ, ყველანი, ვართ საქართველოს ძმები. მადლობას გიხდით ამ კეთილი მასპინძლობისთვის და გიწვევთ აზერბაიჯანში“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.
საპასუხოდ ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რამდენიმე თვეში მზადაა ბაქოს ეწვიოს.
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოების, ლოგისტიკის და სხვა სფეროებში. დღეს აზერბაიჯანი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში შედის.
აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ქვეყნები ერთობლივად ახორციელებენ ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებს, როგორებიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, გაზსადენი TANAP, ბაქო-ჯეიჰანის და ბაქო-სუფსის ნავთობსადენები.
2023 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 980 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის რვა თვის მონაცემებს 15,3%-ით აღემატება.