რეისები თბილისიდან თელ-ავივის მიმართულებით ჩვეულ რეჟიმში სრულდება

შაბათს იყო შეფერხება, თბილისში რეისი დაგვიანებით დაეშვა, განაცხადეს აეროპორტში
Sputnik
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თელ-ავივის მიმართულებით ფრენები გეგმის მიხედვით სრულდება, შაბათს მომხდარი მცირე შეფერხების გარდა, განაცხადეს აეროპორტის ადმინისტრაციაში.
შაბათს პალესტინის მოძრაობა ჰამასის სამხედრო ფრთამ ისრაელის წინააღმდეგ დაიწყო ოპერაცია „ალ-აქსას წარღვნა“ და განაცხადა, რომ მან ღაზის სექტორიდან 5000 რაკეტა გაისროლა. საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ღაზის სექტორში კონტრტერორისტული ოპერაცია „რკინის ხმლები“ წამოიწყეს. ბოლო მონაცემებით, 300 ისრაელის მოქალაქე დაიღუპა, დაახლოებით 2000 დაშავებული გადაყვანილია საავადმყოფოებში, მათგან 19 ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ 313 დაღუპულისა და 2000-ზე მეტი დაშავებულის შესახებ განაცხადა.
„ფრენები განრიგში სრულდება. გუშინ იყო მცირე შეფერხება, რეისი თბილისში დაგვიანებით დაეშვა“, - განაცხადეს აეროპორტში.
აეროპორტის ადმინისტრაციაში მგზავრებს ურჩევენ, გამგზავრების დღეს ფრენების შესახებ განახლებული ინფორმაცია შეამოწმონ.
რაც შეეხება თელ-ავივის მიმართულებით ფრენებს, რომლებსაც ქართული ავიაკომპანია Georgian Airways ახორციელებს, აეროპორტს კვირას დაგეგმილი რეისის გაუქმების შესახებ ინფორმაცია არ მიუღია.